პროდუქტიულობის მიმდინარე მაჩვენებლები ნათლად ასახავს ქვეყნის განვითარების დონეს. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ცალკეული სექტორების დაბალი პროდუქტიულობა, რომელიც ასევე აბრკოლებს სხვა სექტორების განვითარების დონეს. სახელმწიფო სუბსიდიები სოფლის მეურნეობის სექტორში, რომლებიც გრძელდება ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში არ უწყობს ხელს სექტორის თვითმყოფადობის და რეალური პროდუქტიულობის წარმოჩენას. ასევე აბრკოლებს სხვა სექტორების განვითარებას, ვინაიდან მიმდინარეობს პროდუქტიული სექტორებიდან ფინანსური რესურსების ხელოვნური მიმართვა დაბალი პროდუქტიულობის სექტორში.
ჩვენი აზრით, მნიშვნელოვანია მთავრობის როლი პროდუქტიულობის ზრდის პროცესში, ვინაიდან სამთავრობო პოლიტიკა ახდენს გავლენას პროდუქტიულობის განმსაზღვრელ ფაქტორებზე. ჯანსაღი ბიზნესგარემო უზრუნველყოფს წარმოებული საქონლისა და მომსახურების ღირებულების ზრდას, რაც პირდაპირ აისახება შრომის ანაზღაურებაზე. ვინაიდან ეკონომიკა განიცდის კაპიტალით ინტენსიური წარმოების ნაკლებობას, დიდია ინვესტიციების მნიშვნელობა პროდუქტიულობის ზრდის პროცესში. ინვესტიციები განაპირობებს, არამხოლოდ ფიზიკური კაპიტალის შემოსვლას ქვეყანაში, არამედ პირდაპირი დადებითი გავლენა აქვს ყველა სხვა ზემოთჩამოთვლილ კომპონენტზე.
„საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ გრძელვადიან პერიოდში მოსალოდნელია ქვეყნის პროდუქტიულობის ზრდა. ამის ერთ-ერთი განმაპირობებელი პარტნიორი ქვეყნების პროდუქტიულობის მაღალი დონეა, თუმცა პროდუქტიულობის ზრდის მაღალი ტემპის მისაღწევად და მხარდასაჭერად უმნიშვნელოვანესია ინვესტიცია განათლების სექტორში და ინფრასტრუქტურული პროექტების უფრო აქტიურად განხორციელება.
ჩვენი აზრით პროდუქტიულობის გაზრდისათვის საჭირო ფაქტორებია:
- თანამედროვე ტექნოლოგიების ათვისება
- მუშახელის კვალიფიკაციის ამაღლება
- კაპიტალის/ინვესტიციების ზრდა
გაეცანით კვლევას მიმაგრებულ ფაილში
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.