გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს თაღლითურ სქემებზე და ე.წ. პირამიდაზე გესაუბრებით.

მსოფლიოში ფინანსური თაღლითობის რამდენიმე ცნობილი ხერხია გავრცელებული. მათი ნაწილი საქართველოშიც გვხვდება. თაღლითები ხან საფინანსო კომპანიას ირქმევენ, ხან ვითომ ბირჟებზე ვაჭრობენ, ხანაც ქსელური მარკეტინგის საფარქვეშ ატყუებენ მომხმარებლებს. ერთი საერთო სახელი აქვს ამ თაღლითობას, ფინანსური პირამიდა, ან იგივე პონცის სქემა. მისთვის დამახასიათებელია ანაბარზე მაღალი საპროცენტო სარგებლის შეთავაზება მომხმარებლისთვის და იოლად გამდიდრების პერსპექტივა, რომელიც ხშირად გაღარიბებით სრულდება. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ რაც უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს გვთავაზობენ, მით უფრო მაღალია რისკი. ამიტომ მაქსიმალურად ფრთხილად უნდა ვიყოთ, როცა ვინმე მოკლე ვადაში გამდიდრებას გვპირდება.

როგორც წესი თაღლითური სქემების შემქმნელები თავს აიგივებენ ეკონომიკის სექტორის წარმატებულ სეგმენტთან და შეიძლება თავი წარმოგვიდგინონ: მიკროსაფინანსო ორგანიზაციებად; საბირჟო ბროკერებად; უძრავი ქონების ბაზრის მონაწილეებად; ქსელური მარკეტინგის კომპანიებად და ა.შ.

ერთ-ერთი გავრცელებული სქემით ცდილობენ ბიზნესმოდელი მიკროსაფინანსო ორგანიზაციასთან გააიგივონ. ეს მათთვის საშუალებაა მოიზიდონ დანაზოგები და გასცენ „უიმედო“ სესხები, რომლებიც არასდროს დაბრუნდება და ვერ შეძლებს მომხმარებელთა დანაზოგების გასტუმრებას. აღნიშნული ბიზნესის სტრუქტურა ყოველ მომდევნო შენატანზეა დაფუძნებული. არსებული მომხმარებლების გასტუმრება არა გაცემული სესხებიდან მიღებული შემოსავლის, არამედ ახალი მომხმარებლების შეტანილი თანხებით ხდება. მომხმარებელი დანაზოგის განთავსებისას წინასწარ ირჩევს ხელშეკრულების ხანგრძლივობას და ვადის გასვლამდე თანხის დაბრუნება შეუძლებელია. ეს პუნქტი არის ე.წ. „პირამიდული სქემის“ მთავარი მამოძრავებელი. როგორც კი, რომელიმე მსგავსი კომპანია ვერ შეძლებს ახალი მომხმარებლის მოზიდვას, წარმოიქმნება თანხის დაბრუნების გადაუჭრელი პრობლემა. კომპანიის სიცოცხლის ხანგრძლივობა რისკებს არ ამცირებს, დროთა განმავლობაში მხოლოდ დაზარალებულთა რაოდენობა იზრდება. ადრე თუ გვიან მსგავსი სქემა ჩამოიშლება.

არსებობს სხვა სქემებიც, მაგალითად: დაინტერესებული პირი რეგისტრირდება კომპანიაში, იხდის ე.წ. „საწყის „ინვესტიციას“. მომხმარებელი წახალისებულია რაც შეიძლება ბევრი „სხვა ე.წ. ინვესტორი“ მოიზიდოს. ქსელის გაზრდის სანაცვლოდ მას ერიცხება ბონუსი, მოძიებული თანხის გარკვეული პროცენტი. ხშირ შემთხვევაში ქსელური მარკეტინგი ფინანსური პირამიდის სქემასთან თანხვედრაშია. მიზანი ორივე შემთხვევაში ფართო მასების დაინტერესება და  ჩართვაა. მაგრამ, თუ ახალი მომხმარებლები  არ მოდიან, ეს სქემაც მალე იშლება.

ბოლო წლებში საქართველოში ერთმანეთის მიყოლებით ჩამოიშალა რამდენიმე პირამიდული სქემა, ათასობით ადამიანი დარჩა მოტყუებული, დაკარგეს შემოსავლები. ამან რეგულაციების გამკაცრება გამოიწვია. ეროვნული ბანკი ხშირად აფრთხილებს მომხმარებლებს სავარაუდო თაღლითური სქემების შესახებ. რამდენიმე დამნაშავე სასჯელსაც იხდის, მაგრამ საუკეთესო გამოსავალია, ვიყოთ ყურადღებით და არ ვენდოთ საეჭვო ფინანსურ შემოთავაზებებს.

აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=IiY0akG1M84