გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს ლარის კურსზე გესაუბრებით.

ბოლო ერთი თვეა ქართული ეკონომიკისთვის საკმაოდ იშვიათ მოვლენას, ლარის გამყარებას ვაკვირდებით.  თითქოს დიდად არაფერი შეცვლილა, ფინანსური პრობლემებიც არ ამოწურულა, მაგრამ ის მაინც მყარდება. კარგად თუ დავუკვირდებით, ცვლილებები უკვე შესამჩნევია. მთავარი და ყველაზე მნიშნელოვანი ცვლილება პოზიტიური მოლოდინის გაჩენაა. ნელ-ნელა ვცდილობთ, გამოვიდეთ პესიმისტური გარემოდან და დავინახოთ დადებითი ტენდენციები.

17 მაისს კომენდანტის საათის 2 საათით შემცირებამ იმ დღესვე იმოქმედა სავალუტო ბაზარზე და მას შემდეგ ლარი ბოლო ერთ თვეში თითქმის 30 თეთრით გამყარდა. ამას სახმელეთო საზღვრების გახსნაც მოჰყვა. ამ ყველაფრის ეკონომიკურ ეფექტს ლარიც და ჩვენც ალბათ ოდნავ მოგვიანებით ვიგრძნობთ, თუმცა მოლოდინებმა თავის საქმე უკვე გააკეთა.

სახმელეთო საზღვრების გახსნა ყველაზე მეტად ტურიზმის ინდუსტრიას უხარია. ამ სექტორის აღდგენის იმედი იქ დასაქმებულ ადამიანებთან ერთად მთელ ქართულ ეკონომიკას აქვს. ნელ-ნელა მდგომარეობა ამ მხრივ უმჯობესდება და სხვადასხვა პროგნოზით წელს ტურიზმიდან ქვეყანაში 1-1.5 მილიარდი დოლარი შეიძლება შემოვიდეს. ეს კი დამატებით დადებითად აისახება ეკონომიკაზეც და ლარის კურსზეც.

ზოგადად ვალუტის კურსს სავალუტო ბაზარზე მოთხოვნა-მიწოდება განსაზღვრავს. საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების რამდენიმე გზა არსებობს: ექსპორტი, საერთაშორისო გზავნილები, ინვესტიციები, ტურიზმი, და საერთაშორისო საფინანსო კომპანიების მიერ გამოყოფილი გრანტები და სესხები. ამ მხრივ ბოლო ერთი წელია განსაკუთრებით გაგვიჭირდა, რაც ლარის კურსზეც აისახა, თუმცა ახლა ნელ-ნელა ეკონომიკური პარამეტრები გაუმჯობესებას იწყებენ და იმედია, ეს ასეც გაგრძელდება. პარამეტრებთან ერთად, როგორც ვთქვით ფსიქოლოგიური ფაქტორიც მნიშნელოვანია, მოლოდინები. თუ გაუარესებულია, ლარი უფასურდება, თუ ოპტიმისტურია, მყარდება. ამ მოლოდინებზე აპრილის ეკონომიკური ზრდის მაღალმა მაჩვენებელმაც დადებითად იმოქმედა. ახლა ვაქცინაციის ტემპსაც თუ დავაჩქარებთ, ეკონომიკის აღდგენის პროცესი უფრო სწრაფად წავა.

ლარის გამყარებას, როგორც წესი, ლარში დანაზოგების ზრდაც მოჰყვება. ნდობა იმატებს ეროვნული ვალუტის მიმართ და ეს მომხმარებლების ქცევაზეც აისახება. ზოგადად დაზოგვა იმ ვალუტაში სჯობს, რაშიც შემოსავალი გაქვთ. თან ლარში ანაბრებზე საპროცენტო სარგებელი გაცილებით მაღალია, ვიდრე უცხოურ ვალუტაში, რაც ანეიტრალებს იმ რისკებს, რომელიც გაუფასურებას შეიძლება მოჰყვეს. ლარისადმი ნდობის ზრდას ხელს რამდენიმე ფაქტორი უწყობს. ეს არის დაბალი და სტაბილური ინფლაცია, ასევე სტაბილური გაცვლითი კურსი და რაც შეიძლება ნაკლები ეკონომიკური რყევა.

პროგნოზებს ლარის კურსთან დაკავშირებით არასდროს ვაკეთებ, ერთი შემიძლია ახლაც გითხრათ. თუ ქვეყანაში ეკონომიკური მდგომარეობა გამოსწორდება, ეს ლარზეც დადებითად აისახება. ეროვნული ვალუტა ჩვენი ეკონომიკის ერთგვარი თერმომეტრია, რომელიც, როგორც წესი, მის რეალურ მდგომარეობას გვაჩვენებს.

აუდიო ვერსიის მოსასმენად მიჰყევით ბმულს:

https://www.facebook.com/SocietyAndBanks/videos/2830714717193418/