გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ ვინ გასცემს სესხს?

დავიწყოთ მსხვილი გამსესხებლებით. სესხს როგორც წესი, გასცემენ ის ორგანიზაციები, რომლებიც რეგისტრირებული არიან ეროვნულ ბანკში ან აქვთ შესაბამისი ლიცენზია. ასეთი კი ძირითადად ორია - კომერციული ბანკი და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია.

პირველ რიგში ბანკებზე მოგიყვებით. დღეს საქართველოში 15 კომერციული ბანკია, მათი აბსოლუტური უმრავლესობა უცხოური კაპიტალით არის დაფუძნებული. გვყავს 2 ძალიან დიდი, 1 დიდი და დანარჩენი ძირითადად მცირე ზომის ბანკები. კომერციული ბანკი, ჩვეულებრივ, ყველაზე დაბალ, შესაბამისად ყველაზე კონკურენტულ საპროცენტო განაკვეთს სთავაზობს მომხმარებელს. ამის მიზეზი უფრო ის არის, რომ ბანკებს ყველაზე მეტად მიუწვდებათ ხელი იაფ ფულად რესურსზე. ასევე გამართულია რისკების შეფასების სისტემა, რაც ზედმეტად აღარ აძვირებს ხოლმე სესხს. ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ რაც უფრო სარისკოა სესხი, მით უფრო ძვირი ღირს ის. ბანკებში სესხის დამტკიცების პროცესი, შედარებით კომპლექსურია, შეიძლება მოგთხოვონ შესაბამისი საბუთები, ხელფასის ცნობა, უძრავი ქონების ამონაწერი, სამსახურეობრივი ხელშეკრულება და ა.შ. თუმცა შედეგად ბანკი კარგად სწავლობს მსესხებლის შესაძლებლობებს და ნაკლებია სესხის ვერ დაფარვის რისკიც.

მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს რაც შეეხება, კომერციულ ბანკთან შედარებით, ნაკლებია სესხის მოცულობა, რომლის გაცემაც მათ შეუძლიათ. ასევე უფრო მაღალია საპროცენტო განაკვეთები. ბანკებისგან განსხვავებით, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, რომლებსაც მისოებსაც ეძახიან, მოსახლეობისგან ანაბრებს ვერ იღებენ, ამის უფლება არ აქვთ. შესაბამისად მათ უფრო ძვირ ფულზე მიუწვდებათ ხელი. მისოების მომსახურებით, ძირითადად, საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე პირები სარგებლობენ. ერთ-ერთი უპირატესობა, რომელიც მათ კომერციული ბანკისგან განასხვავებს, არის სესხის დამტკიცების სისწრაფე და მოქნილობა. თუმცა, შედარებით მაღალი რისკების გათვალისწინებით, როგორც უკვე გითხარით, მაღალი  საპროცენტო განაკვეთის ხარჯზე.

ჩვენთან ასევე პოპულარულია ლომბარდები, რომლებიც სესხს სხვადასხვა ძვირფასი ნივთის დაგირავების სანაცვლოდ გასცემენ. იქნება ეს ოქროს ბეჭედი, თუ მობილური ტელეფონი. ლომბარდში აღებული სესხი ერთ-ერთი ყველაზე ძვირია. თვეში საშუალოდ 2-3%, რაც წლიურად 24-36% გამოდის. თან ბანკებისგან განსხვავებით ლომბარდებში სესხის ძირი თანხა ეტაპობრივად არ იფარება და ყოველ თვე მხოლოდ პროცენტს ვიხდით, რაც სესხის ერთიანად დაფარვის შესაძლებლობას ართულებს. ნუ თანხასაც გააჩნია. 

ფული შეგვიძლია მეგობარს, ოჯახის წევრს ან მაგალითად თანამშრომელსაც ვესესხოთ, ისინი, ამაში დამატებით პროცენტს, ალბათ არ მოგვთხოვენ. თუმცა მათ სასურველი თანხა ხშირ შემთხვევაში არ აქვთ, ან საკმარისი ვადით ვერ მოგვცემენ. ამიტომ მოქალაქეების ნაწილს ფულის სესხება სხვა კერძო პირებისგან, ე.წ. მევახშეებისგან უწევთ. კერძო მევახშის მიერ გაცემული სესხი მაღალი ხარჯით გამოირჩევა და ხშირ შემთხვევაში, ხელშეკრულების პირობები მათ სასარგებლოდაა შედგენილი. მაღალია საპროცენტო განაკვეთი, უძრავი ქონების შეფასება ხდება საბაზროზე გაცილებით ნაკლებ ფასად და თუ პირობითად თქვენი ბინა 30 ათას დოლარად შეაფასეს, სესხად ამ თანხის მესამედს, ან ყველაზე კარგ შემთხვევაში ნახევარს მოგცემენ. მოკლედ, თუ ძალიან არ გაგვიჭირდა, კერძო მევახშეებს სჯობს საერთოდ არ გამოვართვათ ფული, რადგან მათი ინტერესი ხშირ შემთხვევაში, შესაძლოა ჩვენი უძრავი ქონების დაპატრონება იყოს. თან კერძო პირების საქმიანობას ეროვნული ბანკიც ვერ აკონტროლებს, ამიტომ შედარებით რთული იქნება თქვენი დარღვეული უფლებების დაცვა.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი პირი, რომლის მიმართაც 20-ზე მეტ ფიზიკურ პირს აქვს სასესხო დავალიანება, ვალდებულია რეგისტრაცია გაიაროს ეროვნულ ბანკში, სხვა შემთხვევაში კი მის ქმედებას შესაძლოა უკანონო სამეწარმეო საქმიანობის კვალიფიკაცია მიენიჭოს.

თუ სესხს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული სუბიექტისგან იღებთ, თქვენი და სესხის გამცემი ორგანიზაციის უფლებები და პასუხისმგებლობები საკმაოდ დეტალურადაა გაწერილი. გარდა ამისა, ამ ორგანიზაციებთან რაიმე პრობლემების არსებობის შემთხვევაში ან დამატებითი ინფორმაციის მისაღებად  შესაძლებლობა გაქვთ ეროვნულ ბანკს, როგორც ამ ორგანიზაციების ზედამხედველ ორგანოს მიმართოთ, რათა ფინანსური პროდუქტის მომსახურებასთან დაკავშირებული საკუთარი უფლებები დაიცვათ.

როგორი გადაწყვეტილებაც არ უნდა მიიღოთ, გასათვალისწინებელია, რომ სესხის აღებით გიჩნდებათ როგორც უფლებები, ასევე ვალდებულებები. სესხის თქვენთვის ყველაზე ხელსაყრელი პირობებით მისაღებად, მნიშვნელოვანია რამდენიმე შეთავაზების მოძიება და ერთმანეთისთვის შედარება. ერთ ბანკში რომ იკითხავთ პირობებს, მერე მეორეშიც მიდით. ამასთან, აუცილებელია იმის ცოდნა, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება საბოლოო არჩევანის გაკეთებისას. გაითვალისწინეთ ყველა ხარჯი, გადასახადი თუ მოსაკრებელი და ობიექტურად შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობა, რათა თავი დაიზღვიოთ გაუთვალისწინებელი და უსიამოვნო მოულოდნელობებისგან.

აუდიო ვერსიის მოსასმენად მიჰყევით ბმულს:

https://bit.ly/3uWiMuI