არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკებმა კრედიტორების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების შესახებ ინფორმაცია მიმოიხილა.

2019 წლის ათ თვეში აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ რეალიზებულია 1039 უძრავი ქონება. საიდანაც ყველაზე მეტი, 514 (49%) კერძო მევახშეების სასარგებლოდ გაიყიდა. კომერციულ ბანკებზე 411 (40%) უძრავი ქონება მოდის. 114-ის (11%) შემთხვევაში კრედიტორი მიკროსაფინანსო ორგანიზაცია იყო.

ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წლის შემდეგ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობა შემცირების ტენდენციით გამოირჩევა. 2017 წელს 1695, ხომ 2018-ში 1395 ქონება გასხვისდა აუქციონის წესით.

მევახშეების სექტორი საქართველოში ლეგიტიმურია, მაგრამ ფაქტობრივად დაურეგულირებელი (რეგულირდება მხოლოდ იმ კერძო იპოთეკარების სექტორი, რომელთა მიერ გაცემული სესხების რაოდენობა აღემატება 20-ს, ხოლო ე.წ. წვრილი იპოთეკარების სექტორის შესახებ მონაცემები არ არსებობს). პრობლემის აღმოსაფხვრელად სასურველია აღნიშნული სესხების ერთიან ბაზაში მოქცევა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდა, რაც გაზრდის კონკურენციას სეგმენტში და გამოიწვევს მსესხებლის პირობების გაუმჯობესებას. უნდა გავითვალისწინოთ, რომ კერძო პირებისგან მსესხებლები ძირითადად მცირე ბიზნესი და საშუალო და დაბალი შემოსავლის მქონე მოსახლეობაა. მიუხედავად კერძო პირებისგან ჩამორთმეული უძრავი ქონების რიცხოვნების კლებისა, კერძო მევახშეების მხრიდან საზოგადოება კვლავაც სერიოზულად ზარალდება. შესაბამისად, სასურველია ამ სეგმენტის წილის რაც შეიძლება მინიმუმადე დაყვანა, რაც გრძელვადიან პერსპექტივაში ჩამორთმეული ქონების ოდენობის შემცირებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს და ფინანსურად დამძიმებული მოქალაქეების მდგომარეობას გაუმჯობესებისკენ უბიძგებს. აქვე აღსანიშნავია, რომ ბოლო დროს მიღებული რეგულაციები დადებითად აისახა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზების მიმართულებით, თუმცა ჩამორთმეული უძრავი ქონების მოცულობა კვლავაც მაღალია.

კვლევის შედეგად გამოკვეთილი პრობლემების მოსაგვარებლად არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია:

  • საზოგადოებაში ფინანსური განათლების დონის ამაღლება
  • სესხის რესტრუქტურიზაციის პირობების გაუმჯობესება
  • მევახშეების, როგორც ეკონომიკის ჩრდილოვანი სეგმენტის ანალიზი და არსებული პრობლემების იდენტიფიცირება
  • აქტივების მართვის კომპანიების შესწავლა, რომლებიც პრობლემური სესხების მართვაში და უძრავი ქონების რეალიზებაში მონაწილეობენ.

ვრცლად, გაეცანით მიბმულ ფაილში.