საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2018 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 63988 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. რეფინანსირების განაკვეთი დარჩა უცვლელი 7% და მსესხებლებს პროცენტი არ შეეცვლებათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 3,005 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 2391-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 2706 მილიონიდან 3005 მილიონ ლარამდე.

63988 ხელშეკრულებიდან 19035 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 334 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ოქტომბრის მდგომარეობთ 16% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ოქტომბრის მონაცემებით 23186 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.80%-ში. მთლიანი პორტფელი კი 902.1 მილიონი ლარია.

18163 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 1543,24 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 535,6 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.6%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ოქტომბრის მონაცემებით 1007,7 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.4%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ოქტომბრის მონაცემებით 872 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 14,718 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 16,2%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2523 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 52.7 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 სექტემბრის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 24.50%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1353,2 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 11.8%-დან 12.2%-მდე გაიზარდა. „საზოგადოება და ბანკების“ აზრით, დაბალი ინფლაციის და სტაბილური გაცვლითი კურსის პირობებში, მომავალ პერიოდში რეფინანსირების განაკვეთის მკვეთრ ცვლილებას არ უნდა ველოდოთ. ვფიქრობთ, რომ სესხებზე არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია მომდევნო პერიოდში რეგულატორმა შეინარჩუნოს რეფინანსირების განაკვეთის მიმდინარე მაჩვენებელი რაც ხელს შეუწყობს ლარის რესურსზე ხელმისაწვდომობას.