„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურ მედია სკოლაში სწავლა დაიწყო. ტრენინგი რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებისთვის ჩატარდება და მას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი გიორგი პაპავა გაუძღვება. სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.

მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან. სასწავლო კურსი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

ინტენსიური კურსი ეროვნული ბანკის საკასო ცენტრში სტუმრობით დასრულდება, სადაც ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ჟურნალისტებთან ერთად მაკროეკონომიკურ თემებს მიმოიხილავს. მედია სკოლის მსმენელებს საშუალება ექნებათ, დაათვალიერონ საკასო ცენტრი და გაეცნონ მის სამუშაო პროცესს. შეხვედრის ბოლოს მსმენელები სერტიფიკატებით დაჯილდოვდებიან.

ეკონომიკურ მედია სკოლაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონის სხვადასხვა მედიასაშუალებიდან 20 ჟურნალისტი სწავლობს. მათი შერჩევა კონკურსის წესით მოხდა.

ეკონომიკურ მედია სკოლას საზოგადოება და ბანკები ილიაუნის ბიზნესის სკოლასთან პარტნიორობით და ბრიტანეთის საელჩოს ხელშეწყობით ახორციელებს.