„საზოგადოება და ბანკების“ ეკონომიკურ მედია სკოლაში სწავლა დაიწყო. ტრენინგებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მრჩეველი გიორგი ბაქრაძე ჩაატარებს. სკოლას მოწვეული სტუმრებიც ეყოლება.

სკოლაში ჩარიცხულ სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლებს ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანი გიორგი ქადაგიძე მიესალმა. მან ჟურნალისტებს კიდევ ერთხელ გააცნო ,,საზოგადოება და ბანკებთან“ ერთად დაარსებული ფინანსური განათლების ცენტრის გეგმები. მედია სკოლის პროექტი ამჯერად, სწორედ ილიაუნის ბიზნესის სკოლასთან ერთად ხორციელდება.

მედია სკოლის მიზანია ჟურნალისტების ფინანსური განათლების ამაღლება. მსმენელები ეკონომიკის საფუძვლებს სპეციალური კურსის მიხედვით შეისწავლიან. სასწავლო კურსი, რომელიც 2 თვის განმავლობაში გაგრძელდება, უფასოა და მისი დასრულების შემდეგ წარმატებულ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცემათ.

ეკონომიკური მედია სკოლის მეცხრე ნაკადი 24 მსმენელი/ჟურნალისტისგან შედგება, მათი შერჩევა კონკურსის წესით მოხდა.