საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2017 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 28304 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად, მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ, რადგან საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მოენატარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად 7,0 პროცენტზე დატოვა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 1195,4 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 აპრილიდან 1 მაისამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 948-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 1112,0 მილიონიდან 1195,4 მილიონ ლარამდე.

28304 ხელშეკრულებიდან 12181 სამომხმარებლო სესხია. მოცულობა კი 155,3 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მაისისათვის 14.2% შეადგინა.

რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 მაისის მონაცემებით 8823 სესხია მიბმული, საშუალოდ 10,6%-ში. მთლიანი პორტფელი კი 375,3 მილიონი ლარია.

2398 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 592 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 109,6 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 12,7%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 მაისის მონაცემებით 482,5 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11,8%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 მაისის მონაცემებით 56 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 1789 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 12,65%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 4845 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 70.9 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 მაისის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 16.32%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

მიუხედავად იმისა, რომ ინფლაციის წლიური მაჩვენებელი 6.6%-ს შეადგენს რაც აქციზის განაკვეთის ზრდით არის განპირობებული, მაისში ინფლაციამ 0% შეადგინა, აპრილის თვესთან შედარებით. გაცვლითი კურსის სტაბილურობასთან ერთად აღნიშნული არ წარმოადგენს ინფლაციის ზრდის წინაპირობას. „საზოგადოება და ბანკების აზრით“ ლარის ფინანსურ რესურსებზე საპროცენტო განაკვეთის შენარჩუნება მომავალ პერიოდში დადებითად აისახება ეკონომიკურ ზრდაზე და დოლარიზაციის მაჩვენებელზე.