15-მა კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციამ კოალიცია ფინანსური განათლებისთვის დააფუძნა. ახლადშექმნილი კოალიციის ოფიციალური პრეზენტაცია „რუმს ჰოტელ თბილისში“ გაიმართა.

ღონისძიებას კოალიციის თავმჯდომარემ არჩილ ბაკურაძემ, ასევე კოალიციის მმართველი კომიტეტის წევრებმა და გერმანული შემნახველი ბანკების ფონდმა უმასპინძლეს.

კოალიცია ფინანსური განათლებისთვის არის კერძო სექტორის ინიციატივა, რომლის მიზანია საქართველოს მოქალაქეების ფინანსური განათლების დონის ამაღლება. ფინანსური განათლება მოიცავს ცოდნას, უნარ-ჩვევებს, დამოკიდებულებებსა და მოტივაციას, რომელსაც მომხმარებელი იყენებს ფინანსური გადაწყვეტილებების მიღების დროს.

კოალიცია კერძო აქტორების მობილიზებას აპირებს, რათა დაეხმაროს მის წევრებს სათანადო კოორდინაციითა და გამოცდილების გაზიარებით, ხელი შეუწყოს საჯარო სექტორთან თანამშრომლობას. ახლადშექმნილი ორგანიზაციის ერთ-ერთი პირველი  მიზანი ფინანსური განათლების ეროვნული სტრატეგიის შემუშავება და განხორციელებაა.

ღონისძიებას, რომელზეც მოხდა კოალიციის ხედვის, მიზნებისა და სამომავლო გეგმების პრეზენტაცია, საქართველოს აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების, ასევე ფინანსური სექტორის წარმომადგენლები, მარეგულირებლები, დიპლომატიური კორპუსის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.