2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკის 5%-იან ზრდაზე და ინფლაციის 4%-იან მაჩვენებელზეა დაგეგმილი, თუმცა სულ ცოტა ხნის წინ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 2.3%-მდე შეამცირა. ეკონომიკური ზრდის შემცირება უარყოფითად აისახება როგორც ბიუჯეტის შემოსულობებზე, შესაბამისად გადასახდელებზეც შემცირების კუთხით.
ეკონომიკის 2.3%-იანი ზრდის და ინფლაციის 5%-იანი (ინფლაციის მიზნობრივი დონე) მაჩვენებლის პირობებში, უხეში გამოთვლებით საგადასახადო შემოსავლები 2015 წელს დაახლოებით 7.5%-ით (ნომინალური მშპ-ს ზრდა) გაიზრდება და 7,354 მლნ ლარს შეადგენს. ეს მაჩვენებელი კი საწყის გეგმიურ მაჩვენებელ 7,600 მლნ ლარზე 245 მლნ ლარით ნაკლებია.
ბიუჯეტის დეფიციტი (მთლიანი სალდოს მიხედვით) 2015 წლისთვის - 684 მლნ ლარია, რაც ნომინალური მშპ-ს 2.1%-ს შეადგენს. იმისთვის, რომ ლარის კურსზე ბიუჯეტის დეფიციტურ ხარჯვას უარყოფითი ზეგავლენა არ ჰქონდეს, ამისთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტის დეფიციტი 2.1%-ზე მეტად მაინც აღარ გაიზარდოს და წლის განმავლობაში მის არათანაბარ ხარჯვას ადგილი არ ჰქონდეს. ეკონომიკის 7.5%-იანი ზრდის შემთხვევაში ბიუჯეტის დეფიციტი კვლავ 2.1% რომ იყოს, სხვა თანაბარ პირობებში ხარჯები 257 მლნ ლარით უნდა შემცირდეს.
საზოგადოება და ბანკები მიიჩნევს, რომ აუცილებელია მოხდეს ადმინისტარციული ხარჯების შემცირება და სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების გაუქმება ან შერწყმა ხარჯების შემცირების მიზნით; თუმცა მივიჩნევთ, რომ ეს უკანასკნელი ამ ეტაპზე ნაკლებად რეალურია. 2015 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით ადმინისტრაციული ხარჯები დაახლოებით 2,372 მლნ ლარია (შრომის ანაზღაურების და საქონელი და მომსახურების მუხლების ჯამი). უნდა აღინიშნოს, რომ მთავრობამ ადმინისტრაციული ხარჯები 20 მლნ ლარით უკვე შეამცირა. აქედან ყველაზე დიდი ოდენობით ხარჯები საგარეო საქმეთა სამინისტროს - 10.5 მლნ ლარით, ფინანსთა სამინისტროს - 2 მლნ ლარით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს - 2 მლნ ლარით შეუმცირა. მართალია ადმინისტრაციული ხარჯები ჯამში 20 მლნ ლარით შემცირდა, თუმცა ეს თანხა ინფრასტრუქტურის ნაწილში გადავიდა, შესაბამისად ხარჯები რეალურად არ შემცირებულა.
აქედან გამომდინარე ჩვენ მივიჩნევთ, რომ კარგი იქნება თუ ხარჯები მინიმუმ 257 მლნ ლარით მაინც შემცირდება, კონკრეტულად კი ადმინისტრაციული ხარჯების კუთხით (რაც ამ ეტაპზე ყველაზე რეალურია) და ბიუჯეტის არათანაბარი ხარჯვა წლის განმავლობაში არ მოხდება.