საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 4.5 პროცენტს შეადგენს.

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის მთავარი ინსტრუმენტია და ის ერთგვარ ორიენტირს წარმოადგენს საბაზრო განაკვეთებისთვის.

ვინაიდან ბოლო თვეებია სახეზეა ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაცია და ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიური ეკონომიკური პროცესები, შედეგად დადგა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდის საკითხი.  

მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა გამოიწვევს  იმ სესხებზე საბაზრო განაკვეთის ზრდას, რომელიც რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შედეგად შემცირდება ერთობლივი მოთხოვნა, ეკონომიკის დაკრედიტება და  ფასების საერთო დონე. საბოლოოდ მოხდება მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება, რაც ლარის გაცვლით კურსს დროებით დაასტაბილურებს. თუმცა მიმოქცევაში არსებული ეროვნული ვალუტის შემცირება ეკონომიკურ ზრდაზე უარყოფითად აისახება.

იმისთვის, რომ ეროვნული ვალუტის კურსის დროებით დასტაბილურება მაინც მოხდეს, ამ ეტაპისთვის, რეფინანსირების განაკვეთის ზრდა, ჩვენი აზრით, ეროვნული ბანკის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის ინსტრუმენტებს შორის ყველაზე ოპტიმალურია. მართალია, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ზრდა  ეროვნული ვალუტის დასტაბილურებას გამოიწვევს, თუმცა ამას მხოლოდ დროებითი ეფექტი ექნება. თუ არ მოხდა ფუნდამენტური ფაქტორების გამოსწორება, როგორიცაა ინვესტიციების ზრდა, საგარეო სავაჭრო სალდოს გაუმჯობესება და ა.შ. ეროვნული ვალუტის მკვეთრი გაუფასურება ქვეყნის ეკონომიკისთვის კვლავ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად დარჩება.

2015 წლის იანვრის მდგომარეობით რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული იპოთეკური სესხი 4902 ადამიანს, ხოლო ბიზნეს სესხი 2111 იურიდიულ პირს აქვს.