"საქართველოს ბანკის" მფლობელმა კომპანიამ Bank Of Georgia Holding „პრივატბანკის“ ქართული ფილიალი 51 მილიონ დოლარად შეიძინა. 

პრივატბანკი ქვეყნის მასშტაბით ამ ეტაპზე სიდიდით მე-9 ადგილზეა და საცალო ბანკინგზეა ფოკუსირებული. მას ჯამში ბაზრის 3.2% უკავია. 
აღნიშნული ფაქტის შედეგად, საქართველოს ბანკის წილი ბაზარზე კიდევ უფრო გაიზრდება, საცალო სესხებში - 5.3%-ით, ხოლო დეპოზიტებში - 2.6%-ით.

ერთი ბანკის მიერ მეორის შეძენა აპრობირებული მეთოდია მსოფლიოში. „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული არ გამოიწვევს ბაზრის მონოპოლიზაციას, რადგან საქართველოს ბანკი აქამდეც იყო ლიდერი ქართულ საბანკო სივრცეში და ბაზარზე მისი წილი ცვლილების შედეგად 40%–ს არ გადააჭარბებს. ეს გარიგება საქართველოს ბანკის პოზიციებს კიდევ უფრო გაამყარებს, როგორც ქართულ, ასევე საერთაშორისო ფინანსურ ბაზარზე და მეტად მიმზიდველს გახდის მას ინვესტორებისთვის, რაც ქვეყნის ეკონომიკაზე მხოლოდ დადებითად აისახება. 

ვფიქრობთ რომ, მსგავსი ორი დიდი კომპანიის შერწყმა დადებითი მოვლენაა. თუმცა „საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დაცული იყოს ორივე ბანკის კლიენტების ინტერესები, როგორც მსესხებლების, ასევე, მეანაბრეების. არასამთავრობო ორგანიზაცია მოუწოდებს ხელშეკრულების ხელმომწერ მხარეებს პირველ რიგში იზრუნონ საკუთარი მომხმარებლებზე და უზრუნველყონ, რომ გარდამავალი პერიოდი მაქსიმალურად უმტკივნეულო იყოს ორივე ბანკის კლიენტებისთვის.