მეტწილად მცდარი

2014 წლის 26 დეკემბერს, პრემიერ-მინისტრის მიერ გამართულ პრესკონფერენციაზე,  სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვას ირაკლი ღარიბაშვილმა შემდეგი განცხადებით უპასუხა: “ბიუჯეტი შესრულდება. შეიძლება ხარჯვითი ნაწილი ვერ შესრულდეს; გარკვეულმა სამინისტროებმა ვერ დახარჯონ ან ვერ აითვისონ, მაგრამ წლების განმავლობაში ასე იყო. ზოგადად ბიუჯეტი როცა იგეგმება ზუსტად ათვისება არ ხდება არც ერთ ქვეყანაში. შემდეგ ხდება კორექტირება ბიუჯეტის, რაც ჩვენ არ გავაკეთეთ. წინა ხელისუფლება ამას აკეთებდა და ისე წარმოაჩენდა თითქოს 100%-ით ასრულებდა ბიუჯეტს, მაგრამ ეს რეალობა არა იყო. წლის ბოლოს ხდებოდა ბიუჯეტის კორექტირება პარლამენტში და ზუსტად დასმა 100%-ზე, ასე რომ ჩვენ ეს არ გაგვიკეთებია’’.

 
საზოგადოება და ბანკები გასულ წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის  შესრულების მაჩვენებლებით დაინტერესდა და პრემიერ-მინისტრის განცხადება გადაამოწმა.

ინფორმაციისთვის მნიშვნელოვანია აღვნიშნოთ, რომ გასული წლების განმავლობაში ბიუჯეტის სააღრიცხვო მეთოდოლოგიის დახვეწა ხდებოდა და შესაბამისად კლასიფიკაციებიც მეტ-ნაკლებად იცვლებოდა. ბიუჯეტის განსხვავებული სააღრიცხვო მეთოდოლოგიის და ასევე მონაცემების ტექნიკურად უფრო ნათელი წარმოჩენის გამო გასული ათი წლის  მაჩვენებლები ორ ნაწილად (2004-2008 და 2009-2013 წლები) დავყავით.      

ცხრილი 1:  სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები (2004-2008 წლები)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; mof.ge

მონაცემებიდან ნათელია, რომ ბიუჯეტის კორექტირება 2004 წლიდან 2008 წლის ჩათვლით მართლაც ხდებოდა, თან არა ერთხელ. თუმცა 2004-2007 წლებში, როგორც შემოსავლები მთლიანად, ასევე საგადასახდო შემოსავლები (რაც ქვეყანაში ეკონომიკური აქტივობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი განმსაზღვრელია) და გადასახდელები ზრდის მიმართულებით კორექტირდებოდა. 2008 წელს შემოსულობების და გადასახდელების კორექტირება ასევე ზრდის, ხოლო საგადასახადო შემოსავლების ცვლილება ასევე მეტწილად ზრდით (კორექტირება III და IV კლებისკენ მოხდა, რაც რუსეთ-საქართველოს შორის არსებული ომის შედეგია) ხასიათდებოდა. ის თუ მთლიანად შემოსავლების ზრდაში საგადასახადო შემოსავლების, გრანტების, ვალდებულებების და სხვა ქვეპუნქტების ზრდის პროცენტული წილი რამდენი იყო, ეს ცალკე საკითხია და ამ შემთხვევაში ნაკლებად გადამწყვეტი.

იმისთვის, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადების სიზუსტე გადაგვემოწმებინა აქცენტი ბიუჯეტის ფაქტობრივი მონაცემების მის საწყის გეგმასთან (გადახრა საწყისი გეგმიდან) შედარებაზე გავაკეთეთ.  ჩვენს მიერ განხილული ბიუჯეტის სამივე მაჩვენებლის შემთხვევაში,     2004-2008 წლებში გადახრა საწყისი გეგმიდან (კორექტირებამდე) დადებითი იყო; ანუ ბიუჯეტის ფაქტობრივი მონაცემები მის საწყის გეგმასთან  შედარებით გადაჭარბებით სრულდებოდა და არა დანაკლისით.

ცხრილი 2:  სახელმწიფო ბიუჯეტის მაჩვენებლები (2009-2013 წლები)

წყარო: საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; mof.ge

მონაცემებიდან ნათელია, რომ ბიუჯეტის კორექტირება 2009-2012 წლებშიც აქტიურად ხდებოდა; თუმცა წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში 2009 წელი იყო ერთადერთი წელი, როდესაც ბიუჯეტის კორექტირება მეტწილად შემცირების მიმართულებით და საგადასახადო შემოსავლების და გადასახდელების ნაწილის დანაკლისით შესრულება და ათვისება მოხდა (თუმცა 2009 წელს თითქმის ყველა მაკროეკონომიკური ინდიკატორი გაუარესდა, რაც რუსეთ-საქართველოს შორის მომხდარი ომის შემდგომი და მსოფლიო ფინანსური კრიზისის პერიოდია). 2010 წლიდან 2011 წლის ჩათვლით სხვაობა ბიუჯეტის ფაქტობრივ მონაცემებსა და საწყის გეგმას შორის კვლავ დადებითია, ხოლო 2012 წელს კი უკვე უარყოფითი ტენდენციით ხასიათდება.

რაც შეეხება 2013 და 2014 წლებს, ბიუჯეტის კორექტირება ამ წლებში მართლაც არ მომხდარა, თუმცა 2013 წელს ბიუჯეტში შემოსულობებს 708 მლნ ლარი, საგადასახადო შემოსავლებს 632 მლნ ლარი, ხოლო გადასახდელებს კი 644 მლნ ლარი დააკლდა. 2014 წელს შემოსულობები და საგადასახადო შემოსავლები გადაჭარბებით, თუმცა გადასახდელები დაახლოებით 108 მლნ ლარის დანაკლისით შესრულდა. მართალია იქმადე, სანამ 2014 წლის წლიური ანგარიში მომზადდება ეს მონაცემები დაზუსტების რეჟიმშია, თუმცა თუ გასულ წლებს თვალს გადავავლებთ, დაზუსტების შემდეგ მონაცემების მნიშვნელოვანი ცვლილება არ ხდება.

იმ შემთხვევაში თუ ბიუჯეტის ფაქტობრივ მაჩვენებლებს უკანასკნელად კორექტირებულ მონაცემებს შევადარებთ, ნათელი ხდება, რომ ბიუჯეტის ვერ შესრულება ამ შემთხვევაში უფრო ფიქსირდება, ვიდრე ფაქტობრივი მონაცემების მის საწყის გეგმასთან შედარებისას. ეს ფაქტი კი იმაზე მიუთითებს, რომ გასულ წლებში ბიუჯეტის კორექტირების მიზანი მისი 100%-ით შესრულების წარმოჩენა არ იყო.  

დასკვნა

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადების გადამოწმებისას გაირკვა, რომ 2004-2011 წლებში სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირებას მართლაც არა ერთხელ ჰქონდა ადგილი, რაშიც პრემიერ-მინისტრი მართალია. თუმცა კორექტირება ძირითადად ზრდის მიმართულებით ხდებოდა. ბიუჯეტის ფაქტობრივი მონაცემების მის საწყის გეგმასთან შედარებისას გაირკვა, რომ 2004-2011 წლებში (გამონაკლისი 2009 წელია) ბიუჯეტი გადაჭარბებით, ხოლო 2012-2014 წლებში კი მეტწილად დანაკლისით სრულდებოდა.

ბიუჯეტის გეგმიური, კორექტირებული და ფაქტობრივი მაჩვენებლების განხილვისას, ნათელი გახდა, რომ წინა მთავრობის მმართველობის პერიოდში ბიუჯეტის ზუსტად დაგეგმვის და პროგნოზირების პრობლემა იყო (მიუხედავად იმისა, რომ კორექტირებები ძირითადად ზრდის მიმართულებით ხდებოდა), თუმცა ბიუჯეტის ვერ  შესრულების (გარღვევის) პრობლემა  ფაქტობრივად არ იდგა. ის თუ როგორ და რანაირად ხდებოდა ან ხდება ბიუჯეტის შევსება ან ხარჯვა ეს სხვა საკითხია. ამისთვის უფრო ფართო და მასშტაბური კვლევის ჩატარებაა საჭირო, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ნაკლებად მნიშვნელოვანია.

აქვე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ გასულ წლებში ბიუჯეტის ფაქტობრივ მონაცემებსა და საწყის გეგმას შორის დადებითი სხვაობები 2012 წლამდე  ზრდის ტენდენციით ხასიათდებოდა (გამონაკლისი 2008 და 2009 წლებია); რაც იმაზე მიუთითებს, რომ უკვე 2012 წელს ბიუჯეტში დაფიქსირებული პრობლემები (ვერ შესრულების კუთხით) წინა წლების ტენდენციის შედეგი არ უნდა ყოფილიყო.

ზემოთ არსებული მოკვლევიდან შეგვიძლია ვიმსჯელოთ, რომ ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება მართლაც არა ერთხელ მომხდარა, თუმცა კორექტირებები ბიუჯეტის 100%-ით შესრულების წარმოჩენას მიზნად არ ისახავდა. ეს რომ ასე ყოფილიყო, ფაქტობრივი მონაცემები ბიუჯეტის ბოლო კორექტირებულ მონაცემებს უფრო უნდა დამთხვეოდა, ვიდრე მის საწყის მაჩვენებლებს; რეალურად კი ბიუჯეტის დანაკლისით შესრულება  ბოლო კორექტირებულ მონაცემებთან შედარებისას უფრო მეტად იკვეთება, ვიდრე მის საწყის გეგმასთან შედარებისას.  

აქედან,  ჩვენ ვასკვნით, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადება: „წინა ხელისუფლება ბიუჯეტის კორექტირებას ახდენდა და ისე წარმოაჩენდა თითქოს ის 100%-ით სრულდებოდა, მაგრამ ეს რეალობა არ იყო’’  არის მეტწილად მცდარი.

მეტწილად მცდარი - განცხადება შეიცავს სიმართლის მარცვალს, თუმცა უგულებელყოფს მნიშვნელოვან ფაქტებს, რაც განსხვავებულ წარმოდგენას შეგვიქმნიდა.