მიკროსაფინანსო ორგანიზაციები საკმაოდ მზარდი სექტორია. ერთი მხრივ კარგია ბიზნესის განვითარება, მაგრამ მეორე მხრივ საქართველოს მოსახლეობის ფინანსური განათლების არასათანადო დონის გათვალისწინებით, ეს გარკვეულ რისკებს შეიცავს. რადგან ამ სექტორის მომხმარებლები ძირითადად ის კონტინგენტია, რომლებმაც კომერციულ ბანკში სესხი ვერ აიღეს. ასეთი მომხმარებლები ვერ ათვითცნობიერებენ სესხის მიზნობრიობას და მნიშვნელობას, რის გამოც მაღალია სესხების გაპრობლემების შესაძლებლობა, რამაც საბოლოოდ შეიძლება გამოიწვიოს უზრუნველყოფაში დატვირთული უძრავი თუ მოძრავი ქონების იძულებითი გზით რეალიზაცია.
საფინანსო ინსტიტუტების მხრიდან ე.წ. თამასუქებზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი პირველ რიგში მიუთითებს იმაზე, რომ ამ ორგანიზაციას აქვს ლიკვიდობის პრობლემა, შესაბამისად ცდილობს, მოიზიდოს დამატებითი ფულადი რესურსი. ფინანსური განათლების პრობლემა მოსახლეობის მხრიდან ხშირად იჩენს თავს ე.წ. თამასუქებთან დაკავშირებით და მომხმარებლები ყურადღებას უფრო მაღალ საპროცენტო განაკვეთს აქცევენ, ვიდრე მიკროსაფინანსო ორგანიზაციის სანდოობას და მის ლიკვიდობას.
ამის გათვალისწინებით არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებმა“ ჩამოაყალიბა გარკვეული რეკომენდაციები მიკროსაფინანსო სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებით:
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებზე დაწესდეს საპროცენტო განაკვეთის მაქსიმალური ზღვარი.
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ სესხებზე სავალდებულო წესით დაწესდეს ე.წ ანუიტეტური გადახდის გრაფიკი, სადაც ყოველთვიურ შენატანში გათვალისწინებული იქნება როგორც საპროცენტო სარგებელი ასევე სესხის ძირიც.
- მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისთვის მოხდეს სესხის მოცულობის ლიმიტების განსაზღვრა.
- დაწესდეს მკაცრი კონტროლი და გარკვეული შეზღუდვები მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ გაცემულ თამასუქებზე (მაქსიმალური ვადიანობის, ხელშეკრულების ვადამდე ადრე შეწყვეტის და სხვა პირობების განსაზღვრა)
- მოხდეს მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ სესხების გაცემის დროს რისკების შეფასების სისტემის სრულყოფა და გამკაცრება.
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიმოხილვას სრული სახით გაეცანით მიმაგრებულ ფაილში .
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.