საზოგადოება და ბანკები ბიზნეს სექტორში არსებული ვითარებით დაინტერესდა და ამ სფეროში არსებული მდგომარეობის ამსახველი მაჩვენებლები გაანალიზა.
კვლევის შედეგად გამოვლინდა, რომ ბიზნეს სექტორის აქტივობის ტემპი 2005-2014 წლების პერიოდის განმავლობაში 2014 წელს (წინასწარი მონაცემებით) ყველაზე მცირეა. ამის მიზეზი კი მეტწილად ქვეყანაში ბიზნესგარემოს გაუარესებაა, რაც ძირითადად რეგულაციების გამკაცრებაში გამოიხატება: ეს არის ვიზების გამკაცრება, მიწის უცხოელებისთვის მიყიდვის შეზღუდვა და სხვა. ეს ყველაფერი კი ქვეყანაში ბიზნესგარემოს აუარესებს, რაც უცხოური კაპიტალის შემოდინებაზეც უარყოფითად აისახება.
მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან სოფლის მეურნეობის სექტორის ხელშეწყობა სხვადასხვა სახის სუბსიდიებით აქტიურად მიმდინარეობს, ამ სექტორის ბრუნვა მთლიანად ბიზნეს სექტორის ბრუნვაში ერთ-ერთი ყველაზე მცირე 0.53%-ია (2013 წელს კი - 0.50% იყო). ეს კი გვაფიქრებინებს, რომ დღეს ამ კუთხით სახელმწიფო ფინანსების არც თუ ისე ეფექტიანი გამოყენება ხდება. ასევე პროგრამა „აწარმოე საქართველოში’’, სადაც დაახლოებით 69 ბენეფიციარია ჩართული, აქტიურად მხოლოდ 27 ფუნქციონირებს. ამიტომ მთავარია, რომ ეს პროგრამა წარმატებით განხორციელდეს და ყველა ბენეფიციარმა მუშაობის დაწყება აქტიურად შეძლოს. ფაქტი, რომ წარმოების განვითარება სახელმწიფოსთვის პრიორიტეტია, ეს კარგია, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ის, რომ ამ მიზნის განხორციელებისთვის გადადგმული ნაბიჯები, რაც შეიძლება მაღალი ეფექტიანობით ხასიათდებოდეს. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური დახმარების სექტორში საკმაოდ ბევრი ადამიანია დასაქმებული, თუმცა ამ სექტორში ბრუნვა ერთ-ერთი ყველაზე მცირეა. ეს კი იმის მანიშნებელია, რომ ამ სფეროში ადამიანური რესურსების არაეფექტიანი გამოყენება ხდება.
რაც შეეხება ანაზღაურებას, ყველაზე მცირე ის დაქირავებულებს განათლების და სასტუმროების და რესტორნების სექტორში აქვთ, რაც უარყოფითი ფაქტია. საქართველოში არასაკმარისი კვალიფიკაციის პრობლემა თითქმის ყველა სექტორშია, შესაბამისად, მისი ამაღლებისთვის განათლების სექტორში მაღალი ანაზღაურება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ასევე, ვინაიდან ტურიზმის სექტორი საქართველოში უცხოური ვალუტის შემოდინების მნიშვნელოვან წყაროს წარმოადგენს და მისი განვითარება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ამ სექტორში დაქირავებულთათვის მაღალი ანაზღაურების ქონა ამ სფეროს განვითარებისთვის ერთ-ერთი მთავარი წინაპირობაა.
მართალია 2014 წელს კერძო სექტორი წამყვანია, თუმცა ბრუნვა ამ სექტორში 2014 წელს გასულ 2004-2013 წლებთან შედარებით ყველაზე მცირე ოდენობით 1,807.3 მლნ ლარით გაიზარდა (თუ 2009 წელს არ ჩავთვლით). დღეს, ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ბიზნეს სექტორში სახელმწიფომ საკუთარი როლი, რაც შეიძლება მინიმუმამდე დაიყვანოს და კერძო სექტორის წილი გაიზარდოს.
გაეცანით მიმაგრებულ ფაილში საბანკო სექტორის მიმოხილვის შესახებ კვლევას სრული სახით.
"საზოგადოება და ბანკების" მიერ ჩატარებული ყველა კვლევა იხილეთ ამ ბმულზე.