"საზოგადოება და ბანკები" აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსული ბანკის „ვითიბის“ წინააღმდეგ სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

აშშ-ისა და ევროკავშირის მიერ რუსული ბანკის „ვითიბის“ წინააღმდეგ დაწესებული სანქციები ქართველ მომხმარებლებზე პირდაპირ ზეგავლენას არ იქონიებს, რადგან ვითიბის საქართველოს ფილიალი დამოუკიდებელი ფინანსური და იურიდიული ერთეულია. მას აქვს საკუთარი კაპიტალი, რომელიც ბოლო პერიოდში კიდევ უფრო გაზარდეს ვითიბის აქციონერებმა. ქართველ მომხმარებლებს პრობლემა ანაბრებთან და საკრედიტო პროდუქტებთან დაკავშირებით არ შეექმნებათ.

„საზოგადოება და ბანკები“ მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ბანკის ქართველ მომხმარებლებს პანიკის საფუძველი არ აქვთ და შეუძლიათ მშვიდად განაგრძონ ბანკთან თანამშრომლობა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ სანქციებმა მომავალში შესაძლოა გარკვეული ზეგავლენა მსხვილი რუსული ბანკის ქართულ ფილიალზეც მოახდინოს, რადგან მისი შუამავალი ბანკები არიან ამერიკული და ევროპული ბანკები, რომლებმაც არ არის გამორიცხული ვითიბის გარკვეული შეზღუდვები საერთაშორისო გადარიცხვებთან დაკავშირებით დაუწესონ.