საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2022 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 185300 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი, 10.5% დარჩა. დღესდღეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 8699 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
1 დეკემრიდან 1 იანვრამდე, ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 8200 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 8450.1 მილიონიდან 8699.1 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
185300 ხელშეკრულებიდან 79700 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1153.7 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 იანვრის მდგომარეობთ, 15.57% შეადგინა.
რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 იანვრის მონაცემებით, 66500 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.62%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2929.2 მილიონი ლარია.
35300 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 დეკემბერთან შედარებით 900-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 4496.5 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1189.7 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.93%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 იანვრის მონაცემებით 3309.5 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 14.35%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 იანვრის მონაცემებით 600 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 16.2 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 22.93%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 3000 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 91.4 მილიონი ლარია.
1 იანვრის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 41.1%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 24.92%.
1 იანვრის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ისე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი უძრავი ქონებით უზრუნველყოფილ სესხებზე 10.90% -დან 11.56%-მდე.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება ეკონომიკაში მიმდინარე ინფლაციური პროცესების წინააღმდეგ მიმართული გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა, რომელიც ეკონომიკაზე მოქმედი შიდა და გარე ფაქტორების ერთობლივი ეფექტითაა გამოწვეული. დეკემბერში წლიურმა ინფლაციამ 13.9% შეადგინა, რაც მნიშვნელოვანი ზიანის მომტანი შეიძლება გახდეს ეკონომიკისთვის, იმ შემთხვევაში თუ გრძელვადიან პერიოდში ინფლაციურ მოლოდინებზე იქონიებს გავლენას. ამასთან, გლობალურ ბაზარზე შესამჩნევია სურსათზე და ნავთობზე დოლარში გამოხატული ფასების ზრდა, რასაც თან ერთვის გაზრდილი საერთაშორისო ტრანსპორტირების ხარჯები, რაც იმპორტდამოკიდებული ქვეყნისთვის ინფლაციის საკმაოდ დიდი წნეხია. ასევე, ლოქდაუნის გამო დაგროვებული მოთხოვნის რეალიზება მნიშვნელოვნად განაპირობებს ეკონომიკის სწრაფ აღდგენას, რაც, თავის მხრივ, ინფლაციურ პროცესებზე შეიძლება ახდენდეს ზეწოლას. 2021 წელს, წინასწარი მონაცემებით მთლიანი შიდა პროდუქტი 10.6 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2019 წელთან შედარებით ზრდა 3.1%-ს შეადგენს. ეროვნული ბანკის მიზანი ინფლაციის მოლოდინებზე გრძელვადიანი უარყოფითი გავლენის მოხდენის პრევენციაა. სავარაუდოა, რომ გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკის პირობებში 2022 წლის გაზაფხულზე ინფლაცია კლებას დაიწყებს. ასევე გაზრდილია ეკონომიკის დაკრედიტებაც, რაც თავის მხრივ აფერხებს ინფლაციური პროცესების შერბილებას. თუმცა, გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა, სხვა თანაბარ პირობებში, 2022 წელს ინფლაციის დაღმავალ ტრაექტორიას უზრუნველყოფს. გასათვალისწინებელია, რომ იზრდება ერთობლივი მოთხოვნა, რაც იმპორტის და ექსპორტის ზრდაში აისახება. მონეტარული სტაბილურობისათვის აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც სამომავლოდ პირდაპირ კავშირში იქნება ინფლაციასთან.