გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს პერსონალურ დაზღვევაზე გესაუბრებით.
მომავლის განსაზღვრა, ჯერ-ჯერობით არავისთვის არის შესაძლებელი. შესაბამისად შეუძლებელია წინასწარ განვსაზღვროთ მოსალოდნელი რისკები და მათი თავიდან აცილების გზები. თუმცა, არსებობს სხვადასხვა საშუალება ამ რისკების თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი ეფექტური საშუალება კი არის დაზღვევა.
დაზღვევა არის შეთანხმება, რომლის თანახმადაც წინასწარ განსაზღვრული თანხის გადახდის სანაცვლოდ, სადაზღვევო ორგანიზაცია აგინაზღაურებთ შესაბამის ზიანს.
სადაზღვევო საქმიანობის ძირითადი პრინციპი ასეთია: მზღვეველი ანუ სადაზღვევო ორგანიზაცია აზღვევს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს იმ რისკებისაგან, რომელთა წინაშეც ისინი შეიძლება აღმოჩდნენ და მათ სადაზღვევო პოლისსა და ხელშეკრულებას გადასცემს, რომელშიც გაწერილია დაზღვევის პირობები. დაზღვევის მისაღებად დამზღვევი პირები სადაზღვევო ორგანიზაციას წინასწარ შეთანხმებული პერიოდულობით უხდიან სადაზღვევო პრემიას ანუ ფულად შენატანს. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, ანუ წინასწარ განსაზღვრული რისკების რეალიზაციის შემთხვევაში, სადაზღვევო ორგანიზაცია დაზღვეულ პირებს ხელშეკრულების პირობებისა და სადაზღვევო ლიმიტის შესაბამისად უნაზღაურებს ზიანს. სადაზღვევო ლიმიტი კი წინასწარ განისაზღვრება და ეთითება სადაზღვევო პოლისში.
დაზღვევის გამოყენება შეგიძლიათ როგორც პირადი ინტერესების, ასევე ქონების ან პასუხისმგებლობის დასაზღვევად. განვიხილოთ თითოეული უფრო კონკრეტულად:
პირადი დაზღვევა მოიცავს ჯანმრთელობის დაზღვევას, სამოგზაურო და სიცოცხლის დაზღვევებს.
ქონების დაზღვევა მოიცავს აგროდაზღვევას, ტრანსპორტისა და სხვა სახის ქონების დაზღვევებს.
ხოლო, პასუხისმგებლობის დაზღვევა გულისხმობს როგორც პროფესიული ასევე სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევას.
დაზღვევის მთავარი უპირატესობა, ეს არის ფინანსური დაცვა მოულოდნელი გაუთვალისწინებელი დანაკარგებისგან, რომელიც შეიძლება ნებისმიერ დროს დადგეს სხვადასხვა შემთხვევის თუ სტიქიური უბედურების შედეგად. ასევე, იგი გეხმარებათ გამოიმუშაოთ დაზოგვის ჩვევა, რადგან დაზღვევა ითვალისწინებს გარკვეული ოდენობის ხარჯების მუდმივად გაწევას იმ მიზნისათვის, რომ საჭიროების შემთხვევაში მიიღოთ ფინანსური დაცვა მზღვეველისგან.
დაზღვევის შეძენის გადაწყვეტილების მიღებამდე გააანალიზეთ და შეაფასეთ, რამდენად შეწვდებით მას და, იმ შემთხევაშიც კი, თუ ამის ფინანსური შესაძლებლობა გაქვთ, ნამდვილად საჭიროა თუ არა ყველა რისკის დაზღვევა და ხომ არაა ამ რისკების სხვაგვარად დაბალანსება შესაძლებელი.
თუ ფიქრობთ, რომ რისკების შესამცირებლად საკმარისი ზომები გაქვთ მიღებული, მაგრამ მაინც არსებობს მათი დადგომის ალბათობა და ამ რისკების რეალიზების შემთხვევაში მნიშვნელოვან ფინანსური ზიანიც შეიძლება მიიღოთ, უმჯობესია, ისარგებლოთ დაზღვევით.
აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:
https://www.youtube.com/watch?v=oafyVqfPP9M&list=PLWpL8Yo1rPp9uBheJsP8u9BLYW1iMZUkB&index=30