გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს ბიზნესის დაზღვევაზე გესაუბრებით.
ბიზნესის დაწყებას და მის წარმატებულ ფუნქციონირებას უამრავი რისკი ახლავს თან. ხშირად ხდება გაუთვალისწინებელი შემთხვევები, მაგალითად: სტიქიური უბედურებები, ქურდობა-ყაჩაღობა, ქონების დაზიანება – რომლებსაც თქვენთვის და თქვენი ბიზნესისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანის მიყენება შეუძლია. ცხადია, რთულია ყველა შესაძლო რისკის წინასწარ განსაზღვრა, თუმცა დაზღვევა სწორედ ის ფინანსური ინსტრუმენტია, რომლის დახმარებითაც შესაძლებელია პოტენციური რისკების რეალიზების შედეგად წარმოქმნილი ფინანსური ზარალის შემცირება ან სრულად თავიდან არიდება. არსებობს დაზღვევის რამდენიმე ტიპი, რომლებსაც აქტიურად იყენებენ როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირები. მეწარმეებს შეუძლიათ დააზღვიონ ბიზნესის მფლობელობაში არსებული უძრავი ან მოძრავი ქონება, კერძოდ: შენობები, მანქანა-დანადგარები, სატრანსპორტო საშუალებები. ამასთან, ექსპორტით ან იმპორტით დაკავებულ მეწარმეებს შეუძლიათ დააზღვიონ ტვირთი ტრანსპორტირების პერიოდში, ხოლო მეწარმეებს, რომლებსაც დაქირავებული მუშახელი ჰყავთ, შეუძლიათ დააზღვიონ საკუთარი თანამშრომლების მიერ სამუშაო ადგილზე დაზიანების მიღების რისკი და ა. შ.
უნდა აღინიშნოს, რომ სესხის განაცხადის განხილვისას ფინანსურმა ინსტიტუტმა რისკების შემცირების მიზნით შესაძლოა მოითხოვოს ბიზნესის დაზღვევა. გარდა ამისა, ბიზნესის სპეციფიკიდან გამომდინარე, სესხის გამცემმა ორგანიზაციამ შესაძლოა მეწარმეს შესთავაზოს სესხის უზრუნველყოფის ან სიცოცხლის დაზღვევის შეძენაც. რიგ შემთხვევებში, ეს დაზღვევა სავალდებულოა. ასეთ დროს დაზღვევის ხარჯი, როგორც წესი, შესულია კრედიტის ყოველთვიურ შენატანში, ასახულია საპროცენტო განაკვეთში და გათვალისწინებულია სესხის ხელშეკრულებაში.
დაზღვევა, მიუხედავად ყოველთვიური დამატებითი ხარჯისა, მნიშვნელოვნად ამცირებს პოტენციურ რისკებს და უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის გრძელვადიან სტაბილურობას, რაც ავტომატურად უზრუნველყოფს თქვენი ბიზნესის მომავალ წარმატებას. შესაბამისად, აუცილებელია მისი მხედველობაში მიღება და თქვენს სასარგებლოდ გამოყენება.
აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:
https://www.youtube.com/watch?v=frxYT2HHB0M