გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ  და დღეს საკრედიტო ისტორიის მნიშვნელობაზე გესაუბრებით.

საკრედიტო ისტორია აქვს ყველა იმ ადამიანს, ვისაც სესხი აუღია ბანკიდან თუ სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან. საკრედიტო ისტორიის ამონაწერში დეტალურად არის მოცემული ყველა ის სასესხო პროდუქტი და ორგანიზაცია, რომლითაც მომხმარებლებს უსარგებლიათ. ასევე, მითითებულია თითოეული სესხის ვალუტა და დაფარვის გრაფიკი.

არსებობს 2 სახის ჩანაწერი - პოზიტიური და ნეგატიური. ის მომხმარებელი, რომელსაც თავისი საკრედიტო ისტორიის მანძილზე არ ჰქონია ვადაგადაცილება, ხვდება პოზიტიურ ჩანაწერში. სხვა შემთხვევაში მისი მონაცემები ნეგატიურ ჩანაწერში გადადის. თავის მხრივ ნეგატიური ჩანაწერი 2 სახისაა. თუ მოხმარებელმა სრულად დაფარა ვადაგადაცილებული სესხი, მისი საკრედიტო ისტორიის ჩანაწერს მიენიჭება „იყო ნეგატიურის“ სტატუსი. თუ ვადაგადაცილებული სესხი არ არის დაფარული და მომხმარებელს მიმდინარე დავალიანება უფიქსირდება, მას ენიჭება „არის ნეგატიური“ სტატუსი.

როგორ შეიძლება საკრედიტო ისტორიის ნეგატიური სტატუსის, პოზიტიურით ჩანაცვლება? მომხმარებლებს ხშირად უჩნდებათ კითხვა თუ როგორ შეიძლება წაიშალოს მათი მონაცემები ე.წ „შავი სიიდან“, რომელიც არასწორი ტერმინია და იგულისხმება ნეგატიური ჩანაწერი.

ვადაგადაცილებული სესხის დაფარვიდან 5 წლის შემდეგ საკრედიტო ისტორიის ჩანაწერში ამ სესხის შესახებ ინფორმაცია იშლება. რაც  შეეხება იმ სესხების ჩანაწერს, რომელიც მომხმარებელმა გრაფიკის მიხედვით დაფარა, იშლება დაფარვიდან 7 წლის შემდეგ. უნდა გავითვალისწინოთ, რომ სანამ პრობლემური სესხი არ დაიფარება, საკრედიტო ისტორია ვერ გამოსწორდება.

საკრედიტო ისტორიის შესახებ ინფორმაცია თავმოყრილია ორგანიზაცია „კრედიტინფო საქართველოს“ მონაცემთა ბაზაში. მოხმარებლებს საშუალება აქვთ საკრედიტო ისტორიას წელიწადში ერთხელ უფასოდ გაეცნონ. ხოლო, თუ მომხმარებელს სურვილი აქვს მუდმივი წვდომა ჰქონდეს ამ ინფორმაციაზე, მაშინ ეს მომსახურება ფასიანია.

საკრედიტო ინფორმაცია სესხის გამცემს ეხმარება, უკეთ შეაფასოს სამომავლო რისკები სესხის გადახდასთან დაკავშირებით, წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე. ისტორია ნათლად ასახავს, რამდენად პასუხისმგებლობით ეკიდებით სასესხო ვალდებულებებს და რამდენად მოუნდება ბანკს თქვენთან ხანგრძლივი თანამშრომლობის გაფორმება. ამიტომ, თუ გსურთ სამომავლოდ, სესხი გართულებების გარეშე დაგიმტკიცდეთ, ყურადღება მიაქციეთ თქვენი საკრედიტო ისტორიის სტატუსს და მაქსიმალურად ეცადეთ, ის პოზიტიურად შეინარჩუნოთ.

აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=PsYHR4wicwY