საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2021 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 128500 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი უცვლელი, 9.5% დარჩა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 7587.8 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
1 აპრილიდან 1 მაისამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა გაზრდილია 800 ხელშეკრულებით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 7423.1 მილიონიდან 7587.8 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
128500 ხელშეკრულებიდან 38400 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 987.9 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მაისის მდგომარეობთ 13.54% შეადგინა.
რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აპრილის მონაცემებით 57300 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.21%-ში. მთლიანი პორტფელი კი 2786.6 მილიონი ლარია.
28600 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 აპრილთან შედარებით 500-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 3582.5 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1102.5 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 14.55%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 მაისის მონაცემებით 2480.0 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 13.08%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 მაისის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 19.6 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 19.03%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 3400 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 102.9 მილიონი ლარია.
1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.8%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 19.57%.
1 მაისის მდგომარეობით, გაზრდილია როგორც სასესხო პორტფელი, ისე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხებზე 15.07%-დან 19.57% -მდე.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება გაზრდილი ინფლაციური რისკების წინააღმდეგ წინა სხდომაზე გამკაცრებული პოლიტიკის გაგრძელებაა. გლობალურ ბაზარზე შესამჩნევია ინფლაციური პროცესები, რომელსაც კვლავ თან ერთვის ლარის გაუფასურების შედეგად არსებული ეფექტები, რომელიც იმპორტს დამატებით აძვირებს და ინფლაციაში საკმაოდ დიდი წვლილი შეაქვს, შესაბამისად ეროვნული ბანკი არ ჩქარობს მონეტარული პოლიტიკის შერბილების დაწყებას. მეორე მხრივ, პირველი ოთხი თვის ეკონომიკური ზრდა წინასწარი მონაცემით 8.1 %-ია რაც 2019 წლის იგივე მაჩვენებელსაც აღემატება. შესაბამისად, შიდა ერთობლივი მოთხოვნა საკმაოდ გააქტიურებულია, რისი ინდიკატორიც გაზრდილი იმპორტია. რაც შეეხება სავალუტო შემოდინებებს, იზრდება ტურიზმიდან მიღბული შემოსავლები, თუმცა კვლავ მნიშვნელოვნად შემცირებული რჩება 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებით, იზრდება საერთაშორისო გადმორიცხვებიც. არსებული შეზღუდვების მოხსნამ და სახმელეთო საზღვრების გახსნამ დადებითი მოლოდინები გააჩინა ეკონომიკურ აქტორებში, რაც თავის მხრივ სავალუტო ბაზარზე აჟიოტაჟის შემცირებაში და კურსის გამყარებაში აისახა. თუმცა, აუცილებელია მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მუშაობა, საბიუჯეტო ხარჯების თანაბარი ათვისებით და ეროვნული ბანკის დროული მოქმედებით ლარის გაცვლითი კურსის სტაბილურობის შენარჩუნება, რაც პირდაპირ კავშირში იქნება სამომავლოდ ინფლაციის მაჩვენებელთან. მიმდინარე წელს ინფლაცია 7%-ის გარშემო შენარჩუნდება, ხოლო მომდევნო წლიდან, ეგზოგენური შოკების არ არსებობის შემთხვევაში მიზნობრივი მაჩვენებლისკენ დაიწყებს დაბრუნებას.