საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2020 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 119200 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 8.25% შეადგინა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6140.55 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 აპრილიდან 1 მაისამდე გაცემული სესხების რაოდენობა შემცირდა 500-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6254.81  მილიონიდან  6140.55 მილიონ ლარამდე შემცირდა.

119200 ხელშეკრულებიდან 34200 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 834.11 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო  სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მაისის მდგომარეობთ 13.49% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 მაისის მონაცემებით 44400 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.25%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1923.31  მილიონი ლარია.

36700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 3142.34 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1099.30 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.70%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 მაისის მონაცემებით 2043.04 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.02%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 მაისის მონაცემებით 800 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 15.882 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 16%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 3000 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 81.25 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 მაისის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.83%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

შემცირებულია როგორც სასესხო პორტფელი, ასევე ხელშეკრულებების რაოდენობა. გაზრდილია პროცენტი სამომხმარებლო სესხებზე 12.88-დან 13.49-მდე, ავტოსესხები 12.32-დან 16-მდე, ბიზნეს სესხებზეა შემცირებული და საბოლოოდ საშუალო შეწონილი 1 აპრილთან შედარებით 0.57%-ითაა დაწეული.

 

„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება სიფრთხილითაა გამოწვეული. როგორც ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული ფასებზე ინფლაციური წნეხი შერბილებულია და მომავალი წლის დასაწყისში მიზნობრივ დონეს დაუბრუნდება, თუმცა პანდემიით გამოწვეული პროდუქციისა და მომსახურების მიწოდების ხარჯების ზრდა ფასებზე კვლავ ახდენს ინფლაციურ ზეწოლას, რითიც შესაძლებელია აიხსნას მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ასე მცირედით შემცირება. მეორეს მხრივ, ერთობლივი მოთხოვნის შემცირება ინფლაციის შემცირების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორად შეიძლება ჩაითვალოს, რაც შესაძლოა მონეტარული პოლიტიკის უფრო მეტად შერბილების საფუძველს იძლეოდეს იმის ფონზე, რომ პოსტ-პანდემიურ პერიოდში ეკონომიკური აქტივობა საგრძნობლად შემცირებულია და მონეტარული სტიმულების დროულობა ეკონომიკის სწრაფად გაჯანსაღებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. რაც შეეხება ფისკალური სტიმულების (იპოთეკური სესხების ხარჯის ნაწილობრივი სუბსიდირება) მონეტარული პოლიტიკის როლში განხილვას, ვთვილით, რომ არასწორია და ვერ მოახდენს ერთობლივ მოთხოვნაზე მასშტაბურ ზეგავლენას, რადგან კონკრეტულ ვიწრო სეგმენტს ეხება და მისი ეკონომიკაზე ზეგავლენის დაყოვნების (lag) დროც ბუნდოვანია. ვთვლით, რომ მომავალ პერიოდებში, ეროვნულმა ბანკმა უფრო მკვეთრად უნდა შეამციროს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, რაც ერთი მხრივ, პირდაპირ მოახდენს გავლენას დაკრედიტებაზე, ხოლო მეორე მხრივ გააჩენს დადებით მოლოდინებს, რადგან, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება საინვესტიციო რისკების შემცირების სიგნალია.