„საზოგადოება და ბანკებმა“ ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2020 წლის 1 აპრილის მდგომარეობით, ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 119700 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 50 საბაზისო პუნქტით შემცირდა და 8.5% შეადგინა. შესაბამისად 119700 მსესხებელს სესხზე ყოველთვიური შენატანი შეუმცირდება. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 6254.81 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
1 მარტიდან 1 აპრილამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 400-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 6229.52 მილიონიდან 6254.81 მილიონ ლარამდე.
119700 ხელშეკრულებიდან 34300 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 835.31 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აპრილის მდგომარეობთ 12.88% შეადგინა.
რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აპრილის მონაცემებით 44500 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.12%-ში. მთლიანი პორტფელი კი 1931.52 მილიონი ლარია.
37000 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 3237.05 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 1106.77 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13.93%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აპრილის მონაცემებით 2130.282 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.26%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აპრილის მონაცემებით 900 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 16.066 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 12.32%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 2900 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 88.39 მილიონი ლარია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 აპრილის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 43.36%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნეს სესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილება მიმდინარე ეკონომიკურ გამოწვევებზე ლოგიკური რეაქციაა. იმ მდგომარეობაში, როდესაც შიდა მოთხოვნა საგრძნობლადაა შემცირებული, რაც ინფლაციაზე აღმავალ ზეწოლას მომავალ პერიოდში შეარბილებს (შიდა მოთხოვნის შეცირების გავლენას ინფლაციის ტემპზე დროითი დაყოვნება (lag) ახასიათებს), ხოლო გაცვლითი კურსი მოკლევადიან წონასწორობაში იმყოფება, ეკონომიკური აქტივობის სტიმულირებისათვის აუცილებელია ეკონომიკის დაკრედიტების ზრდა, შესაბამისად, მონეტარული პოლიტიკის შერბილება. შიდა მოთხოვნის შემცირებაზე იმპორტის 13%-იანი კლება მიუთითებს, ხოლო ექსპორტის მაჩვენებლის 22%-იანი შემცირება საგარეო მოთხოვნის შემცირებას ასახავს. IMF-ის განახლებული პროგნოზით 2020-ში საქართველოს ეკონომიკური ზრდა -4% იქნება, რაც ერთობლივი მოთხოვნის შემცირებითაა გამოწვეული, შესაბამისად, ამ ფონზე ინფლაციური რისკები მნიშვნელოვნად მცირდება და მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება გამართლებული გადაწყვეტილებაა. უახლოეს თვეებში მნიშვნელოვანი იქნება სწორად განისაზღვროს ფაქტორები, რომლებიც ინფლაციაზე აღმავალ/დაღმავალ ზეწოლას ქმნიან და რეფინანსირების განაკვეთის ცვლილების გადაწყვეტილებაც ეროვნულმა ბანკმა ამის მიხედვით მიიღოს.