სასტუმრო Holiday Inn-ში „საერთაშორისო საფინანსო კონგრესის“ მოდელირება გაიმართა. კონგრესი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მუშაობის სიმულაციაა.მასში ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან ერთად, საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის 100-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო მონაწილეობა. პროექტი ახალგაზრდებს შესაძლებლობას აძლევს გაიღრმავონ ცოდნა ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის და საფინანსო ინსტიტუტების მუშაობის პრინციპის შესახებ.
დელეგატებმა ჯგუფური სამუშაოების მსვლელობისას სხვადასხვა აქტუალური თემა განიხილეს. საბოლოოდ კი საქართველოს განვითარების სტრატეგია ოთხი მხარის (საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს მთავრობის, საბანკო და არასამთავრობო სექტორის) ინტერესების გათვალისწინებით შეიმუშავეს. პროექტის მონაწილეებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ სიტყვით მიმართა. კონგრესის დასრულების შემდეგ სტუდენტებს სერტიფიკატები ილიაუნის ბიზნესის სკოლის დეკანმა, გიორგი ქადაგიძემ გადასცა.
პროექტი ილიაუნის ბიზნესის სკოლის ფინანსური განათლების ცენტრმა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მხარდაჭერით განახორციელა.