ჭარბვალიანობაზე საუბრისას მიღებულია აბსოლუტურთან ერთად ფარდობითი მაჩვენებლების განხილვა. გაცემული სესხები რა თანაფარდობაშია მშპ-თან, რა არის სესხების ვადაგადაცილების მაჩვენებელი და ა.შ. საქართველოში საოჯახო მეურნეობების მთლიანი სესხების ფარდობა მშპ-თან 2018 წლის მონაცემებით 30%-ია. აშშ-ში მაგალითად აღნიშნული მაჩვენებელი 80%-მდეა, ევროზონაში 60%-მდე, ჩეხეთში და პოლონეთში 30-35%. 2013 წლის მონაცემებით მაჩვენებელი იყო 15% და შემდგომი ზრდა ძირითადად განაპირობა გაცვლითი კურსის გაუფასურებამ, ვინაიდან სესხების უმეტესი ნაწილი უცხოურ ვალუტაში იყო გაცემული.
სამომხმარებლო სესხებზე საუბრისას უნდა გავითვალისწინოთ, რომ ხშირ შემთხვევაში მათი ნაწილი არის მცირე ბიზნესზე გაცემული სესხი და არ უნდა მიეკუთვნებოდეს კლასიკურად სამომხმარებლო დანახარჯს, შესაბამისად რეალური მაჩვენებლები უფრო მცირეა. ეს ერთი მხრივ მეტყველებს ბიზნესსესხებთან დაკავშირებულ რთულ პროცედურებზე და ჩრდილოვანი ეკონომიკის მნიშვნელოვან წილზე.
ზომიერი რეგულაციები აუცილებელია დაბალი ფინანსური განათლების პირობებში, ვინაიდან ფინანსური ინსტიტუტი მომხმარებელზე მეტ ინფორმაციას ფლობს და გაცილებით უკეთ შეუძლია დაიცვას თავი. ასევე "გამსესხებლების" აგრესიულმა დაკრედიტების პოლიტიკამ არ უნდა გაზარდოს რისკები ფინანსურ სისტემაში. თუმცა საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ შემოთავაზებული „პასუხისმგებლიანი დაკრედიტების“ რეგულაციები:
• მომხმარებლებს უბიძგებს არაფორმალურ სექტორში გადანაცვლების და ფინანსური ტვირთის ზრდისკენ.
• საშუალო და დაბალშემოსავლიან მოსახლეობას უზღუდავს წვდომას ფინანსებზე და ზრდის ხარჯებს.
• კიდევ უფრო ამცირებს მცირე ბიზნესის ხელმისაწვდომობას ფინანსებზე
• შესაძლოა უარყოფითად აისახოს ბიზნეს გარემოზე და ეკონომიკურ ზრდაზე
საქართველოში სამუშაო ძალის დიდი ნაწილი მიიჩნევა თვითდასაქმებულად და არაფორმალური სექტორის წილი მნიშვნელოვანია როგორც ტურიზმის, ასევე სოფლის მეურნეობის სექტორში. აუცილებელია ფართო ტიპის შეზღუდვებს თან ახლდეს რეგულირების გავლენის შეფასება და მოსალოდნელი შედეგები, რომ არ გამოიწვიოს უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან, რაც ასევე სისტემურ რისკად შეგვიძლია მივიჩნიოთ.