საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2017 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 21201 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არსებულ ნიშნულზე შეუნარჩუნდებათ, რადგან ეროვნულმა ბანკმა არ შეცვალა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი და ის 6.75%-ზე დატოვა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 861,4 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
1 იანვრიდან 1 თებერვლამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 805-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 806,4 მილიონიდან 861,4 მილიონ ლარამდე.
21201 ხელშეკრულებიდან 10576 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 110,7 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 თებერვლისთვის 14.6% შეადგინა.
რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 თებერვლის მონაცემებით 4883 სესხია მიბმული, საშუალოდ 10,6%-ში. მთლიანი პორტფელი კი 210,6 მილიონი ლარია.
1832 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 497,44 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 74,8 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13,0%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 თებერვლის მონაცემებით 422,7 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12,0%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 თებერვლის მონაცემებით 29 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 876,29 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 13,05%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 3881 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 41,8 მილიონი ლარია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 თებერვლის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 12,99%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი შემცირებულია 39,6 მილიონი ლარით. მიუხედავად იმისა რომ ბოლო ათი თვის განმავლობაში საპროცენტო განაკვეთმა საშუალოდ 14.6%-დან 12.2%-მდე დაიწია, რეფინანსირებაზე მიბმული სასესხო პორტფელი მაინც შემცირდა. ეს ერთი მხრივ დაბალი ეკონომიკური ზრდით და მეორე მხრივ შემცირებული ერთობლივი მოთხოვნითაა განპირობებული.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება შეამცირებს წნეხს ინფლაციის მიმდინარე მაჩვენებლზე, რომელიც დიდწილად აქციზის განაკვეთების ზრდამ განაპირობა. რეფინანსირების განაკვეთის მცირე მერყეობა არ აისახება უარყოფითად ლარის რესურსების ხელმისაწვდომობაზე და დოლარიზაციის შემცირების ხელშემწყობი ფაქტორია. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წელს მოსალოდნელია ეროვნულ ვალუტაში საპროცენტო განაკვეთების მცირედი ზრდა, კურსის მაღალი მერყეობა და გაზრდილი სავალუტო რისკის უარყოფითი ეფექტი ეკონომიკაზე გაცილებით აქტუალურია.