საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2016 წლის 1 ოქტომბრის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 18580 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. შესაბამისად მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვლებათ, რადგან ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 6.5% დატოვა. მთლიანად ცვლად განაკვეთზე მიბმული 724,5 მლნ ლარის სესხია გაცემული.
ბოლო 1 თვის განმავლობაში გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 437-ით, თუმცა შემცირებულია მთლიანი პორტფელი - 743,3 მილიონი ლარიდან 724,5 მილიონამდე.
18580 ხელშეკრულებიდან 9193 სამომხმარებლო სესხია, მოცულობა კი 89,8 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხის საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 ოქტომბრისთვის 15.1% შეადგინა.
რაოდენობრივად მეორე ადგილზეა იპოთეკური ტიპის სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 ოქტომბრის მონაცემებით 4637 სესხია მიბმული, საშუალოდ 11.3%-ში. მთლიანი პორტფელი კი 195,6 მილიონი ლარია.
1729 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 414,97 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 71,2 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 13,8%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 ოქტომბრის მონაცემებით 343,7 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12,6%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 ოქტომბრის მონაცემებით 24 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 688,21 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 15,2%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 2997 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 23,4 მილიონი ლარია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 12,03%-ია. აქედან ყველაზე მეტია ბიზნესსესხები, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
მიმდინარე პროგნოზით ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის მეორე ნახევარში დაუბრუნდება.
საქართველოს ეროვნული ბანკი მიიჩნევს, რომ შემდეგი ორი კვარტლის განმავლობაში რეფინანსირების განაკვეთი ეტაპობრივად შემცირდება 6 პროცენტამდე.
გასული წლის 1 კვარტლიდან ბანკებმა იპოთეკურ და ბიზნეს სესხებთან ერთად აქტიურად დაიწყეს ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სხვა ტიპის სესხების გაცემაც, რაც ლარის რესურსზე მაღალი მოთხოვნით იყო გამოწვეული. მოქალაქეები ამჯობინებდნენ აეღოთ სესხი ეროვნულ ვალუტაში, თუნდაც იგი ყოფილიყო არა ფიქსირებული, არამედ ცვლადი.
მონეტარული პოლიტიკის შერბილება ლარში საპროცენტო განაკვეთების შემცირების ტენდენციას კიდევ უფრო უწყობს ხელს.
ეროვნული ეკონომიკისთვის აუცილებელია, რომ ბანკებს ჰქონდეთ ხელმისაწვდომი რესურსი ლარში, რაც სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას გამოიწვევს. ამ მხრივ მნიშნელოვანია ეროვნულ ვალუტაში დაზოგვის წახალისებაც.