2014 წლის 9 თვის ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასებით რეალური მშპ-ის საშუალო ზრდა 5.9%-ია, რაც მიმდინარე წლის პროგნოზის მიხედვით ეკონომიკის 5%-იანი ზრდის მიღწევის საშუალებას ჯერჯერობით იძლევა. რაც შეეხება მომდევნო - 2015 წელს, სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით (პირველი წარდგენა) რეალური მშპ-ის ზრდა კვლავ 5% უნდა იყოს (2016-2018 წლებში კი 5.5%), რაც ექსპერტთა და დეპუტატთა გარკვეული ნაწილის აზრით დაბალი მაჩვენებელია და ასეთი ზრდის ტემპით ის საშუალო ევროპულ დონეს ნახევარ საუკუნეში თუ დაეწევა.
შესაბამისად, საზოგადოება და ბანკები საქართველოს ეკონომიკის 5%-იანი ზრდის ეფექტით და ამ ზრდის საფუძველზე 50 წლის შემდეგ ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობით დაინტერესდა და მშპ ზრდასთან დაკავშირებით კვლევა ჩაატარა.
კვლევაში საქართველოს გარდა საშუალო ევროპული დონის ხუთი ქვეყნის რეალური მშპ ერთ სულზე შემდგომი 50 წლის განმავლობაშია გამოთვლილი. ეს ქვეყნებია: მონტენეგრო, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი და ჩეხეთი. როგორც კვლევიდან ჩანს. საქართველო ამ ეტაპზე არსებული ეკონომიკური ზრდის ტემპით ჩამოთვლილი ხუთი ქვეყნიდან მხოლოდ მონტენეგროს დაეწევა და ამას 30 წელიწადში მოახერხებს. სხვა საშუალო ევროპული დონის ქვეყნებს, ისეთებს როგორიცაა ლიტვა, ლატვია, ჩეხეთი და პოლონეთი 5%–იანი ეკონომიკური ზრდით 50 წელიწადშიც ვერ დავეწევით.
კვლევიდან ჩანს, რომ პათოსი იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკის 5%-იანი ზრდა ისეთი ტიპის ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა მართლაც არასაკმარისია. იმისთვის, რომ საშუალო ევროპული დონის ქვეყნებს 30 წელზე ნაკლებ დროში დავეწიოთ, ამისთვის ეკონომიკის უფრო მაღალი ტემპით (მაგ. 10%-15%) ზრდა არის საჭირო, ხოლო შემდეგ, როგორც ეს თითქმის ყველა მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყანას ახასიათებს, ეკონომიკის ზრდის ტემპის შენელება და მისი თუნდაც 3%-მდე შემცირება ისეთი პრობლემატური საკითხი აღარ იქნება.
აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ ეს მონაცემები, მხოლოდ საპროგნოზო მიახლოებითი მაჩვენებლებია, რადგან 50 წლის შემდეგ ზუსტად თუ რა ეკონომიკური მდგომარეობა იქნება სხვადასხვა ქვეყნებში ამის განსაზღვრა შეუძლებელია.
იხილეთ ბანკომეტრის მიერ გადამოწმებული მოსაზრება და ჩატარებული კვლევა სრულად ამ ბმულზე