საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2023 წლის 1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 179600 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებით რეფინანსირების განაკვეთი 11%-დან 10.5%-მდე შემცირდა. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 10.688 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
1 მარტიდან 1 აპრილამდე ცვლად საპროცენტო განაკვეთში გაცემული სესხების რაოდენობა 700-ით შემცირდა, თუმცა, მთლიანი პორტფელი - 10.524 მილიონიდან 10.688 მილიონ ლარამდე გაიზარდა.
179600 ხელშეკრულებიდან 78000 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 1740 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აპრილის მდგომარეობთ 20.55% შეადგინა.
რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აპრილის მონაცემებით 73000 სესხია მიბმული, საშუალოდ 14.53%-ში. მთლიანი პორტფელი კი 3433 მილიონი ლარია.
27700 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად, რაც 1 მარტთან შედარებით 100-ით მეტია. მთლიანი პორტფელი 5477 მილიონი ლარია, საშუალოდ 14.50%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აპრილის მონაცემებით 700 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 23.3 მლნ ლარი ბანკებმა საშუალოდ 16.88%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 300 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 15.2 მილიონი ლარია.
1 აპრილის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 42.9%-ია. მათ შორის ყველაზე მაღალი საპროცენტო განაკვეთი სამომხმარებლო სესხზე - 20.55%-ია, რომელსაც მოყვება ავტო სესხი - 16.88%-იანი განაკვეთით.
1 აპრილის მდგომარეობით, გაზრდილია სასესხო პორტფელი, ხოლო ხელშეკრულებების რაოდენობა შემცირებულია. 1 მარტის მონაცემებთან შედარებით საპროცენტო განაკვეთების არსებითი ცვლილება არც ერთი მიზნობრიობით გაცემულ სესხებში არ შეიმჩნევა.
„საზოგადოება და ბანკების“ აზრით, მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის დღევანდელი გადაწყვეტილება, ინფლაციის გამომწვევი შიდა და გარე ფაქტორების შესუსტებისა და ინფლაციის შემცირების ტენდენციითაა გამოწვეული. 2022 წლის შუა პერიოდიდან საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასები ეტაპობრივად იკლებს, ტრანსპორტირების ღირებულებაც პანდემიამდელ დონეს უახლოვდება. გაცვლითი კურსის გამყარება და მიმდინარე ტენდენციები ადგილობრივ ბაზარს გადმოეცემა და იმპორტირებულ ინფლაციას ამცირებს. კლებადი ინფლაციური მოლოდინები, დაკრედიტების დონე, ეკონომიკური ზრდის ტემპი განაპირობებს ერთობლივი მოთხოვნიდან წამოსული ინფლაციური ზეწოლის არ არსებობას. მოსალოდნელია, რომ წლიური ინფლაციის მაჩვენებელი შემცირებას განაგრძობს და 3 პროცენტიან მაჩვენებელს მიუახლოვდება საშუალოვადიან პერიოდში. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ეროვნულმა ბანკმა გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივი გამოსვლა დაიწყო. მოსალოდნელია, რომ მაღალი გაურკვევლობის პირობებში განაკვეთის შემცირების ტემპები დაბალი იქნება.
მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა ეკონომიკურ პროცესებზე დაკვირვება გააგრძელოს და გამოიყენოს ყველა ის ინსტრუმენტი, რაც სამომავლოდ ფასების სტაბილურობასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდას შორის წონასწორობას უზრუნველყოფს.