გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს ხარჯვასთან დაკავშირებულ რჩევებზე გესაუბრებით.

პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ დანახარჯების შემცირება და დაზოგვა უნარია და მისი გამომუშავება შესაძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა ხელფასის დიდი ნაწილის ხარჯვას მისი აღებიდან რამდენიმე დღეში ახერხებთ.

თუკი მეტი ფინანსური სტაბილურობა გჭირდებათ, აუცილებლად მიადევნეთ თვალი თქვენს ყოველდღიურ ხარჯებს და მოახდინეთ მათი კლასიფიკაცია. Ხარჯები, ძირითადად, არსებობს ფიქსირებული და ცვლადი.

ფიქსირებული ხარჯის შემთხვევაში, თანხის მოცულობა უცვლელია და ყოველთვიურად ერთი და იგივე მოცულობის ხარჯის გაღება გიწევთ. ასეთია, მაგალითად, სადარბაზოს დასუფთავების ყოველთვიური გადასახადი, სესხის შენატანი, დაზღვევის ყოველთვიური გადასახადი და ა.შ.

ხოლო ცვლადი ხარჯების შემთხვევაში, თქვენი ყოველთვიური ბიუჯეტი იცვლება. ეს შეიძლება იყოს ელექტროენერგიის და გათბობის გადასახადი, სურსათის, დასვენება-გართობის და სხვა. მათი მოცულობა, როგორც წესი, თქვენი ქმედებების მიხედვით იცვლება.

შესაძლებელია, როგორც ფიქსირებული, ასევე ცვლადი ხარჯების შემცირება თუკი განსაზღვრავთ ესა თუ ის ხარჯი თქვენს საჭიროებას აკმაყოფილებს თუ უბრალოდ სურვილს. რა თქმა უნდა, შემოსავალს იმისთვის გამოიმუშავებთ, რომ თქვენი სურვილები აიხდინოთ და ასეც უნდა მოიქცეთ, მაგრამ ეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც თქვენს ყოველთვიურ საჭიროებებს და აუცილებელ ხარჯებს გაისტუმრებთ. Მაგალითად, გართობა-დასვენება აუცილებელია, მაგრამ მასზე თანხის გამოყოფა მხოლოდ მას შემდეგ გადაწყვიტეთ, როცა ყოველთვიური საჭიროებებისთვის თანხა უკვე გადადებული გექნებათ.

თქვენი ყოველთვიური შემოსავალი, ძირითადად, სასურველი ნივთებისა და მომსახურებების შეძენისას მცირდება, ამიტომ გიზიარებთ რამდენიმე რჩევას, რაც გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში დაგეხმარებათ:

უარი თქვით ემოციურ მდგომარეობაში ნივთების შეძენაზე. ასეთ დროს ნაკლებად აანალიზებთ ნივთის ან მომსახურების საჭიროებას, შესაბამისად, იზრდება ალბათობა, რომ შეიძენთ ისეთ ნივთს, რომელსაც მომავალში არ გამოიყენებთ.
წინასწარ განსაზღვრეთ ბიუჯეტი - შედეგად, თავს დაიზღვევთ იმპულსური შეძენისგან და თავიდან აირიდებთ არასასურველ ხარჯებს
არ მოექცეთ გავლენის ქვეშ. ყოვეთვის რაციონალურად გააანალიზეთ კონსულტანტის მიერ მოწოდებული ინფორმაცია
მოიძიეთ და შეადარეთ მსგავსი პროდუქტის ფასები
და რა თქმა უნდა, ისარგებლეთ სანდო ინტერნეტ-მაღაზიებით, რათა დარწმუნებული იყოთ, რომ თქვენი პირადი ინფორმაცია და მონაცემები დაცული იქნება და სამომავლოდ არ გახდებით ინტერნეტ თაღლითობის მსხვერპლი.

აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=sqX6neKdabs