გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს ინფლაციაზე გესაუბრებით. 

ეკონომიკაში ფასების საერთო დონის ზრდას ინფლაცია ჰქვია. თუ ქვეყანაში დროის გარკვეულ პერიოდში, მასობრივად, სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების ფასი გაიზარდა, მაშინ ჩვენ ინფლაციურ პროცესთან გვაქვს საქმე. ინფლაციის განმარტება ორგვარად შეგვიძლია: პირველი, საქონელზე და მომსახურებაზე ფასების საერთო დონის ზრდა და მეორე, ფულის მსყიდველობითი უნარის შემცირება. როდესაც თითოეულ ლარს უფრო ნაკლები პროდუქტის და მომსახურების შეძენა შეუძლია. 

როგორც ვიცით, ეკონომიკაში მილიონობით სახეობის საქონელია, რომელთა ფასებზეც თვალყურის დევნება შეუძლებელია. ამიტომ, იმისთვის, რომ ეკონომიკაში ფასების საერთო დონეს დააკვირდნენ, ეკონომისტები სამომხმარებლო ფასების ინდექსს იყენებენ. სამომხმარებლო ფასების ინდექსი სამომხმარებლო კალათის ღირებულების ცვლილების დასადგენად გამოიყენება.  

რა არის სამომხმარებლო კალათა? სამომხმარებლო კალათა სხვადასხვა სახეობის კონკრეტული პროდუქტისგან შედგება და მათ ფასებზე პერიოდულად ხდება დაკვირვება. თუ სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლის უმრავლესობაზე ფასების ზრდა დაფიქსირდება, ეს სამომხმარებლო კალათის ღირებულების ზრდას გამოიწვევს, რაც პირდაპირი მანიშნებელია იმისა, რომ ეკონომიკაში ფასების საერთო დონე გაიზარდა, ანუ გვაქვს ინფლაცია. სამომხმარებლო კალათაში დაახლოებით 300 დასახელების პროდუქტი და მომსახურება შედის.  

განვიხილოთ სამომხმარებლო კალათის გამარტივებული ვერსია; მაგალითად, გვაქვს ფეხსაცმელი და ჰამბურგერი. დავუშვათ, რომ შარშან ფეხსაცმელი 100 ლარი, ხოლო ჰამბურგერი 20 ლარი ღირდა. წელს კი მათი ფასი 5%-ით გაიზარდა და შესაბამისად, 105 და 21 ლარი გახდა. შესაბამისად, ლარის მსყიდველობითი უნარიც დაქვეითდა, შარშან თუ ამ ორი საქონლის შეძენა 120 ლარად შეიძლებოდა, ახლა 120 ლარით მხოლოდ ერთი მათგანის შეძენას შეძლებთ. თუ ჩავთვლით, რომ სამომხმარებლო კალათი შედგება მხოლოდ ამ ორი საქონლისგან, შეგვიძლია დავასკვნათ რომ 1 წლის განმავლობაში ფასების საერთო დონე 5%-ით გაიზარდა, ანუ ქვეყანაში 5%-იანი ინფლაცია გვაქვს.  

ფასების საერთო დონეზე პასუხისმგებელი ცენტრალური ბანკები არიან. საქართველოს შემთხვევაში - ეროვნული ბანკი. დღესდღეობით ეროვნულ ბანკს მიზნობრივი ინფლაციის მაჩვენებლად 3% აქვს გაცხადებული. ანუ, ყოველწლიურად ფასების საერთო დონის 3%-ით ცვლილება სრულიად მისაღებია ეკონომიკური ზრდის მიზნების მისაღწევად. თუმცა ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე ამ ეტაპზე საქართველოში წლიური ინფლაცია დაახლოებით 13%-ია. მისი შემცირება წინასწარი პროგნოზით მომდევნო წლის მეორე კვარტლიდანაა მოსალოდნელი. 

აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=oTxKer_PYc4