გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს რეფინანსირების განაკვეთზე გესაუბრებით.
რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტია, რომლითაც მას ეკონომიკაში ფულზე მოთხოვნაზე და შესაბამისად ინფლაციაზე გავლენის მოხდენა შეუძლია. როგორც ვიცით, ეროვნული ბანკის მთავარი მოვალეობა ქვეყანაში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა, ანუ ინფლაციის სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს შენარჩუნება.
ახლა კონკრეტული მაგალითით ვეცდები, აგიხსნათ, რა არის რეფინანსირების განაკვეთი?
მაგალითად, თქვენ გსურთ ბინის ყიდვა და სესხისთვის მიმართავთ კომერციულ ბანკს, რომელიც კონკრეტულ პროცენტში გასესხებთ ბინისათვის საჭირო თანხას (სესხი შედგება ძირი თანხისგან და პროცენტისგან). თავის მხრივ კომერციული ბანკიც სესხისთვის მიმართავს ეროვნულ ბანკს, რომელიც, ასევე, კონკრეტულ პროცენტში ასესხებს კომერციულ ბანკს მოთხოვნილ თანხას. მას შემდეგ რაც კომერციული ბანკი ეროვნული ბანკისგან თანხას ისესხებს, მაგალითისთვის 10%-ში, იგი საკუთარ მარჟას (მაგალითად 2%-ს) დაუმატებს და ისე გასესხებთ თქვენ ბინის საყიდლად საჭირო თანხას. თუ თქვენი სესხი მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, მაშინ შესაძლოა თქვენი ყოველთვიური საპროცენტო ხარჯი გაიზარდოს ან შემცირდეს იმის მიხედვით, თუ როგორ შეცვლის ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს. უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულ ბანკში ჩვეულებრივ მოქალაქეს სესხის აღება ან ანაბრის განთავსება არ შეუძლია. ეროვნული ბანკი არის ბანკების ბანკი. მხოლოდ კომერციულ ბანკებს აქვთ იქ სესხების უფლება.
როგორ ახდენს რეფინანსირების განაკვეთი ინფლაციაზე გავლენას?
ეროვნული ბანკი ეკონომიკისთვის ლარის მიწოდების ერთადერთი წყაროა. ლარის მიწოდების მთავარი არხი კომერციული ბანკებისთვის ლარის სესხებაა გარკვეულ პროცენტში. ეროვნული ბანკის შეფასებით, თუ ინფლაციური პროცესები მიმდინარეობს ეკონომიკაში იგი ცდილობს ლარის გაძვირებას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კომერციულ ბანკებს უფრო ძვირად ასესხებს ხოლმე ლარს. თავის მხრივ კომერციული ბანკებიც იძულებულები არიან საკუთარ სესხებზეც აწიონ საპროცენტო განაკვეთი. საბოლოო ჯამში კი ეს ყველაფერი ეკონომიკაში ფულზე მოთხოვნაზე მოქმედებს. რაც უფრო ძვირია სესხის აღება, მით უფრო ნაკლები ბიზნესი გადაწყვეტს ინვესტიციების გაკეთებას სესხით, ნაკლები ადამიანი გადაწყვეტს სამომხმარებლო დანახარჯების გაწევას სესხით და ა.შ. ეს ყველაფერი კი ინფლაციური პროცესის საპირისპიროდ მოქმედებს. ანუ ეკონომიკაში აქტივობის შემცირება ფასების დონეს ქვემოთ წევს.
თუ თქვენი სესხის ხელშეკრულებაში წერია, რომ ის მიბმულია რეფინანსირების განაკვეთზე, მაშინ მისი ცვლილება თქვენი სესხის პროცენტსაც შეცვლის. ბოლო ერთ წელში რეფინანსირების განაკვეთი 2 პროცენტული პუნქტით 10%-მდე გაიზარდა რამაც ლარში სესხებზე საშუალო საპროცენტო განაკვეთიც გაზარდა.
აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:
https://www.youtube.com/watch?v=twRapla-GlI&list=PLWpL8Yo1rPp9uBheJsP8u9BLYW1iMZUkB&index=31