გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს ფინანსურ უსაფრთხოებაზე გესაუბრებით.

თანამედროვე ციფრულ სამყაროში კიბერდანაშაული და კიბერთაღლითობის სქემები აქტუალური პრობლემა ხდება ბევრი ჩვენგანისთვის. ფინანსური უსაფრთხოების დაცვაში, პირველ რიგში, იგულისხმება მომხმარებლის კუთვნილი პირადი ინფორმაციის დაცვა, როგორიცაა: ბარათის ნომერი, მოქმედების ვადა და უსაფრთხოების კოდი, პინკოდი, ინტერნეტბანკის მომხმარებლის სახელი და პაროლი, მობილურზე მიღებული ერთჯერადი კოდი. ამ ინფორმაციის სხვა პირისთვის გაზიარებით მას, რეალურად, თქვენს საბანკო ანგარიშებზე პირდაპირი წვდომის საშუალებას აძლევთ.

გთავაზობთ რამდენიმე რჩევას იმისთვის, რომ დაიცვათ თქვენი ანგარიშები ფინანსები მაქსიმალურად და თავიდან აირიდოთ კიბერთაღლითები.

მიმზიდველი სათაურებითა და ფოტოებით შემკული ბმულები, უმეტესად, კიბერთაღლითების მიერ დაგებული ხაფანგია. მათზე დაკლიკვით მოწყობილობაში მავნე პროგრამები აქტიურდება, რომლებიც პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის ინფორმაციას  საბანკო ანგარიშებზე თაღლითს აწვდის. იმისთვის, რომ უსაფრთხოდ იყოთ, უპირატესობა მიანიჭეთ სანდო ვებგვერდებს. დააკვირდით ვებგვერდის მისამართს, აქვს თუ არა მას ბოქლომის ნიშანი და იწყება თუ არა https სიმბოლოებით.
ყოველ ჯერზე პაროლისა და ბარათის მონაცემების შეყვანა ონლაინ მაღაზიაში ან სხვა სახის ვებგვერდზე ბევრისთვის მოსაბეზრებელია, მითუმეტეს, თუ მათ კვირაში რამდენჯერმე სტუმრობენ. მაგრამ, მარტივი გზა — შეინახო ბარათის მონაცემები ვებგვერდებზე — რეალურად საფრთხის შემცველია. ამ შეცდომით კიბერთაღლითებს თქვენს საბანკო ანგარიშამდე მისასვლელ გზას უთავისუფლებთ.
ფიშინგი ელექტრონული ფოსტის ან სოციალური ქსელის მეშვეობით მიმზიდველი შეტყობინების გაგზავნას და სანაცვლოდ პერსონალური ინფორმაციის, უმეტესად ბარათის მონაცემების თხოვნას გულისხმობს. თაღლითები ხშირად პოტენციური მსხვერპლისთვის ნაცნობი ორგანიზაციის სახელით ინიღბებიან, მომხმარებლებს წერენ შეტყობინებას, რომელშიც დაუყოვნებლივ რეაგირებას — თანხის გადარიცხვას, საბანკო ბარათის მონაცემების მიწოდებას, ყალბ ბმულებზე დაკლიკვას და სხვა ქმედებას მოუწოდებენ. ასეთ მეილებს პასუხი არ უნდა გასცეთ, არ გადახვიდეთ საეჭვო ბმულებზე, რომლებსაც სინამდვილეში მავნე პროგრამები მოჰყვება, დააკვირდით ელექტრონული ფოსტის მისამართს — როგორც წესი, ის ერთი სიმბოლოთი განსხვავდება რეალური მისამართისგან.
თუ მეილს ისეთი ადამიანისგან ან კომპანიისგან მიიღებთ, რომლისთვისაც არ გაგიზიარებიათ თქვენი ელექტრონული ფოსტის მისამართი, მონიშნეთ ის Spam-ად და დაბლოკეთ მისი ანგარიში. როგორც წესი, ამ სახის მეილებს თაღლითები ერთი შეხედვით უწყინარ ფოტოებს, ვიდეოებს, ან ფაილებს ამაგრებენ, მათი გადმოწერისას კი მოწყობილობაში მავნე პროგრამა აქტიურდება, კრებს პერსონალურ მონაცემებს და მას თაღლითს აწვდის.

ყველაზე კარგი საშუალება ფინანსური თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ინფორმირებულობაა. როდესაც მომხმარებელი იცნობს თაღლითობის სხვადასხვა სახეებს, იცის, რა გზებით ხორციელდება ის, იცის, რა არის ის საყურადღებო ნიშნები, რაც თაღლითობაზე მიანიშნებს და უსაფრთხოების რა ნორმები უნდა დაიცვას - იმის რისკი, რომ ის ფინანსური თაღლითობის მსხვერპლი გახდეს, უფრო მცირდება.

აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=f23bqq4df0Y