გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს ბანკის მიერ ბიზნესის შეფასების კრიტერიუმებზე გესაუბრებით.

სესხის გაცემისას ბანკი მხედველობაში რამდენიმე კრიტერიუმს იღებს:

  • სესხის მიზანს
  • საქმიანობის განხორციელების გეგმას
  • უზრუნველყოფის წარმოდგენილ საშუალებებს
  • ბიზნესის სამომავლო გეგმებს და საპროგნოზო შედეგებს
  • განსახორციელებელ ინვესტიციაში თანამონაწილეობას

ხოლო, კოეფიციენტები რომელთა მიხედვით ხდება ამ კრიტერიუმების შეფასება არის შემდეგი:

სესხის მომსახურების კოეფიციენტი - ამ კოეფიციენტს საფინანსო ორგანიზაციები იყენებენ იმისთვის, რომ განსაზღვრონ ბიზნესის გადახდისუნარიანობა, კერძოდ, აქვს თუ არა ბიზნესს საკმარისი წმინდა შემოსავალი საკრედიტო ვალდებულების დასაფარად. რაც უფრო დაბალია კოეფიციენტი, მით უფრო ნაკლებია ბიზნესში დარჩენილი თანხა. შენატანი შესაძლებელია შემცირდეს სესხის ვადის გაზრდით ან სესხის ძირითადი თანხის შემცირებით, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ ეს ცვლილებები უნდა შეესაბამებოდეს სესხის მიზნობრიობას, ბიზნესის სპეციფიკასა და ფინანსური ორგანიზაციების შეთავაზებებს.

მიმდინარე ლიკვიდობის კოეფიციენტი – ეს კოეფიციენტი გვიჩვენებს, საკმარისია თუ არა ბიზნესის ისეთი აქტივი, რომლის სწრაფად გარდაქმნა ფულად მარტივია, იმისთვის, რომ საჭიროების შემთხვევაში დაიხარჯოს მოკლევადიანი (მიმდინარე) ვალდებულებების დასაფარად. რაც უფრო ძნელია აქტივის გადაქცევა ფულად, მით ნაკლებად ლიკვიდურია ის. მიმდინარე ლიკვიდობის კოეფიციენტი არ უნდა იყოს 1-ზე ნაკლები, გამომდინარე იქიდან, რომ კომპანიას, სულ მცირე, უნდა ჰქონდეს საკმარისი მოკლევადიანი აქტივები (სახსრები) იმისთვის, რომ გაისტუმროს მოკლევადიანი ვალდებულებები და არ დასჭირდეს დამატებით სესხის აღება.

ფინანსური დამოუკიდებლობის კოეფიციენტი – ეს კოეფიციენტი განსაზღვრავს, თუ რა მოცულობის ვალდებულების აღების/დამატების საშუალება აქვს ბიზნესს ისე, რომ საჭიროების შემთხვევაში, ფინანსურ პრობლემებს საკუთრი კაპიტალით გაუმკლავდეს. აღსანიშნავია, რომ არ არსებობს ამ კოეფიციენტის საყოველთაოდ აღიარებული, სტანდარტული მაჩვენებელი და ის დამოკიდებულია ბიზნესის სექტორზე. თუმცა რეკომენდებულია, რომ ეს კოეფიციენტი 30%-ზე ნაკლები არ იყოს. ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო მაღალია ფინანსური დამოუკიდებლობის კოეფიციენტი, მით უკეთესად ფინანსდება აქტივები საკუთარი კაპიტალით.

შესაძლოა, ამ ინფორმაციის მოძიების და განხილვის პროცესი სესხის დამტკიცებისას დროის მეტ დანაკარგს გულისხმობს, მაგრამ წინასწარ მიღებული ზომები ნათელ წარმოდგენას შეგიქმნით  თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე  და თავიდან აგაცილებთ ფინანსურ პრობლემებს.

აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=P-dR_rYZ-cw