გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს სახელმწიფო ბიუჯეტზე გესაუბრებით

ბიუჯეტი დროის გარკვეულ მონაკვეთში დაგეგმილი ხარჯვაა, რომელიც სავარაუდო შემოსავლის და გასავლის ერთობლიობაა. ჩვენთვის, ინდივიდებისთვის, ბიუჯეტი საკუთარი დანახარჯების დაგეგმვაა იმის მიხედვით, რამდენი გვექნება შემოსავალი დროის კონკრეტულ მონაკვეთში. იგივე შინაარსი აქვს სახელმწიფოს ბიუჯეტსაც. იგი წლის განმავლობაში დაგეგმილი ხარჯების და შემოსავლების დოკუმენტია, რომელსაც ყოველწლიურად პარლამენტი განიხილავს და ამტკიცებს შემდგომი წლისთვის.

Რისგან შედგება საბიუჯეტო ხარჯები და შემოსავლები? Საბიუჯეტო ხარჯები წლიურად სახელმწიფოს სხვადასხვა ფუნქციების და მოვალეობების შესრულებისთვისაა საჭირო. მაგალითად საპენსიო გადასახდელები, საჯარო სექტორში დასაქმებული ადამიანების ხელფასები, ჯანდაცვისთვის საჭირო ხარჯები, ჯარი, პოლიცია, განათლება და ა.შ. Საიდან ფინანსდება ეს ყველაფერი? ბიუჯეტის დაფინანსების წყარო სხვადასხვა სახის დაბეგვრიდან მიღებული სახსრებია. საქართველოში არსებობს საშემოსავლო, დამატებითი ღირებულების, მოგების, ქონების და სხვა გადასახადები. გადასახადებიდან მიღებული შემოსულობების მოცულობა ეკონომიკის სავარაუდო ზრდის შესაბამისად იგეგმება, რადგან რაც უფრო იზრდება ეკონომიკა, მით მეტი მოცულობის ეკონომიკური აქტივობა შეიძლება დაიბეგროს და მეტი შემოსავალი შევიდეს ბიუჯეტში დანახარჯების დასაფინანსებლად. რადგან საგადასახადო შემოსავლები ეკონომიკურ აქტივობაზეა დამოკიდებული, ეკონომიკური რყევების დროს მიღებული შემოსავლები შეიძლება ჩამორჩებოდეს დაგეგმილს. Როდესაც ეკონომიკა სწრაფად იზრდება საგადასახადო შემოსავლებიც იზრდება, ხოლო როდესაც ეკონომიკა მცირდება, საგადასახადო შემოსავლებიც ნაკლებია, თუმცა  სახელმწიფოს მიერ გასაწევი ხარჯების მოცულობა იზრდება (სოციალური პროგრამები, დახმარებები, სუბსიდირებები და ა.შ.).

როგორც ჩვენ, ისე სახელმწიფოსაც შესაძლოა შემოსავალზე მეტი დანახარჯი ჰქონდეს, ან პირიქით. Როდესაც სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლები ხარჯებს აღემატება, ბიუჯეტს პროფიციტულს უწოდებენ. Ხოლო, როდესაც დანახარჯები აღემატება შემოსავლებს ბიუჯეტი დეფიციტურია. ამ შემთხვევაში დეფიციტის რაოდენობა რაიმე გზით უნდა დაფინანსდეს. ბიუჯეტის დეფიციტი საქართველოში მოქმედი კანონმდებლობით მთლიანი შიდა პროდუქტის 3%-ს არ უნდა აღემატებოდეს, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა, როგორიცაა პანდემია, საომარი მდგომარეობა და ა.შ.

Როდესაც ინდივიდებს შემოსავალზე მეტი დანახარჯი გვაქვს, გვიწევს დანაკლისის სხვა საშუალებით დაფარვა. როგორც წესი, ეს საშუალება სესხია, რომელსაც ან მეგობრისგან ვიღებთ ან ბანკისგან და სხვა ფინანსური ინსტიტუტისგან. სწორედ ასევე იქცევა სახელმწიფოც. მთავრობას შეუძლია საშინაო ან საგარეო ვალის აღება სხვადასხვა ფინანსური ინსტიტუტებიდან. ვალის მოცულობასა და სესხის პროცენტს მრავალი ფაქტორი განაპირობებს: რამდენად დიდი ვალი აქვს სახელმწიფოს წინა წლებში დაგროვილი, როგორია ეკონომიკური ზრდის ტემპი, როგორია ვალის მომსახურების ისტორია და ა.შ.

ყველაზე მთავარი, რაც უნდა დავიმახსოვროთ. ბიუჯეტი შედგება ჩვენი გადახდილი გადასახადებისგან და მთავრობასაც ჩვენ ვუხდით ხელფასს. შესაბამისად, ის ვალდებულია, ისე დახარჯოს ბიუჯეტი, როგორც ამას ხალხი გადაწყვეტს.

აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=ZNbiLnM40vE