გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს გესაუბრებით უცხოურ ვალუტაში სესხების რისკებთან დაკავშირებულ ხარჯებზე.

ერთი შეხედვით, შესაძლოა უცხოურ ვალუტაში სესხის აღება ბიზნესისთვის უფრო მიზანშეწონილად მოგეჩვენოთ, ვინაიდან, როგორც წესი, საპროცენტო განაკვეთები ასეთ სესხებზე შედარებით დაბალია. მაგრამ აუცილებელია გავითვალისწინოთ ის დამატებითი ხარჯები, რომლებიც შესაძლოა ამ არჩევანს ახლდეს თან.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც მხედველობაში უნდა მიიღოთ, ეს არის სავალუტო რისკი. გაცვლითი კუსრის პროგნოზირება ძალიან რთულია, პრაქტიკულად შეუძლებელი. მასზე ისეთი მოვლენები ახდენს გავლენას როგორიცაა ეკონომიკური ზრდა და ინფლაცია, მოლოდინები და ა.შ. გაუფასურება გულისხმობს, რომ 1 დოლარის შესაძენად თქვენ ახლა გაცილებით მეტი ლარი დაგჭირდებათ, რადგან ლარმა დაკარგა ღირებულება. ხოლო როცა სესხი უცხოურ ვალუტაში გაქვთ, გაუფასურების გამო ყოველთვიური შენატანი გიძვირდებათ და ბიზნესსაც დამატებით ხარჯად აწვება. თუ სესხის დაფარვის მიზნით თქვენს გამომუშავებულ ლარს გადაცვლით დოლარში, მოგიწევთ გარკვეული ხარჯის გაღება, რადგან დოლარის შეძენა მოგიწევთ ბანკის მიერ დადგენილი გაყიდვის კურსით, რომელიც განსხვავდება იმ კურსისაგან, რომლითაც თქვენ გაყიდეთ სესხის სახით აღებული დოლარი ლარის მისაღებად. ნებისმიერ დღეს, გაყიდვის კურსი ნაკლებ სარგებლიანია, ვიდრე ყიდვის კურსი, რადგან ბანკი მომსახურებისათვის იღებს სხვაობას. ამ ხარჯისგან თავს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიზღვევთ, თუ   დოლარში სათანადო შემოსავალი გექნებათ მის დასაფარად.

სავალუტო რისკი გულისხმობს დამატებით ხარჯს, რომლის წინაშეც შესაძლოა აღმოჩნდეს თქვენი ბიზნესი თუ მასზე დიდ გავლენას ახდენს უცხოური ვალუტის გაცვლითი კურსის რყევები ლართან მიმართებაში. ზოგადად, თქვენი ბიზნესი შეიძლება სავალუტო რისკის ორი მნიშვნელოვანი სახეობის წინაშე დადგეს:

პირველ შემთხვევაში, შესაძლოა, დადებული გქონდეთ კონტრაქტი, რომლის მიხედვითაც საქონლის/მომსახურების საფასური უცხოურ ვალუტაში უნდა გადაიხადოთ; ეს პროდუქტი გაძვირდება, თუ თანხის გადასახდელად ლარის კონვერტაცია უცხოურ ვალუტაში მოგიწევთ და ლარი ამ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდება.

მე–2 შემთხვევაში, თქვენი ბიზნესის აქტივების საბაზრო ღირებულებაზე შესაძლოა გავლენა ჰქონდეს გაცვლითი კურსის რყევებს.

ნებისმიერ ვარიანტში, მანამ, სანამ გადაწყვეტთ რა ვალუტაში გიღირთ სესხის აღება, აუცილებლად დაითვალეთ ხარჯი და თუ ის მაღალი აღმოჩნდება, ყოველთვის იმ ვალუტას მიანიჭეთ უპირატესობა, რომელშიც გაქვთ შემოსავალი.

აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=PoqzhdVj374