გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს პრობლემურ სესხებზე და მათ მართვაზე გესაუბრებით.

სანამ სესხის აღებას გადაწყვეტთ, რა თქმა უნდა, წინასწარ უნდა გააანალიზოთ მოსალოდნელი რისკები და უსიამოვნებები, თუმცა ყველა რისკის გათვლა შეუძლებელია. ყოველთვის არსებობს ალბათობა, რომ სესხის მომსახურების გაგრძელება ვეღარ შეძლოთ. ამ დროს, ყველაზე ცუდი რაც შეიძლება გააკეთოთ არის თქვენი პრობლემის დამალვა სესხის გამცემისთვის. თუ პრობლემა მოკლევადიანია, სესხის გამცემი გარკვეულ შეღავათებს გაგიწევთ, რადგან სესხის დაფარვა მის ინტერესებშიცაა.

რაც შეეხება ხანგრძლივად ვადაგადაცილებული სესხების მართვას,  კრედიტორი ორგანიზაცია ხშირად ე.წ. პრობლემური ვალდებულებების მმართველ კომპანიებს ანდობს ხოლმე.  სესხის სამართავად გადაცემა კრედიტორ ორგანიზაციას მსესხებელთან წინასწარი თანხმობის მოპოვების გარეშეც შეუძლია. შედეგად, თქვენთან კომუნიკაციასა და მოლაპარაკებას სხვა ორგანიზაციის წარმომადგენელი წარმართავს. ზოგჯერ ხდება ისე, რომ მსესხებელი არ პასუხობს ზარებს, რადგან  ჰგონია, რომ ზარის პასუხით სიტუაციას გაირთულებს. რეალურად, კი პრობლემის დროულად დაფიქსირება და დაბრკოლებებთან დაკავშირებით ღია საუბარი და თანამშრომლობისთვის მზაობა, როგორც წესი, მსესხებლისთვის უფრო მომგებიანი შედეგების მომტანია ხოლმე. თუ თანამშრომლობაზე უარს იტყვით, კრედიტორი თქვენთან დამატებითი შეთანხმების გარეშე შეძლებს სამართლებრივი ბერკეტების ამოქმედებას. ეს კი მასთან მოლაპარაკებისა და თქვენთვის სასარგებლო შედეგის მიღწევის შანსს ამცირებს. აღსანიშნავია, რომ კრედიტორი, ისევე, როგორც მის მიერ შერჩეული სესხის ამომღები კომპანია, ვალდებულია, თქვენთან კომუნიკაცია წარმართოს ეთიკის, საყოველთაოდ მიღებული ნორმებისა და კანონის ფარგლებში.

თუ ამ შეთანხმების მიღწევა ვერ ხერხდება, ორგანიზაცია კანონმდებლობით დადგენილი ბერკეტების გამოყენებას იწყებს, რათა მის მიერ სესხად გაცემული თანხა და სხვა გადასახდელები დაიბრუნოს. ამ მიზნით, კრედიტორი სასამართლოს ან არბიტრაჟს მიმართავს. თუ გადაწყვეტილება კრედიტორის სასარგებლოდ იქნება მიღებული, ის უკვე კერძო ან სახელმწიფო აღმასრულებელს მიმართავს. არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით აღმასრულებელს აქვს უფლება მოხდეს თქვენი ქონების დასაკუთრება/გაყიდვა, საბანკო ანგარიშებზე არსებული თანხების დაყადაღება და სესხის დასაფარად გამოყენება ან კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებები.

რაც შეეხება აღსრულებას, ის მოიცავს მოვალის, როგორც უძრავ-მოძრავ ქონებაზე, ისე ანგარიშებზე ყადაღის დადებას. მესაკუთრეს ეკრძალება დაყადაღებული ქონების განკარგვა - ნებისმიერი ფორმით გასხვისება, დაგირავება, მასზე ქირავნობისა და იჯარის ხელშეკრულების დადება. დაყადაღების შემდეგ ხდება ქონების რეალიზაცია. ქონების დაყადაღების გარდა, აღმასრულებელი საქართველოში მოქმედ ყველა საბანკო დაწესებულებასაც მიმართავს იქ არსებული მოვალის საბანკო ანგარიშების დაყადაღების შესახებ. ყადაღის დადება შესაძლებელია ნებისმიერ ანგარიშზე. აღნიშნულ ანგარიშებს შეეხება შეზღუდვა - მათზე განთავსებული თანხა სრულად ან ნაწილობრივ დაიბლოკება და მის გამოყენებას ვერ შეძლებთ. აღმასრულებელი ასევე უფლებამოსილია, ფულადი მოთხოვნის იძულებითი გადახდევინება მოვალის საბანკო ანგარიშებიდან საინკასო დავალების საფუძველზე მოახდინოს. ეს იმას ნიშნავს, რომ როგორც კი ანგარიშზე, რომელზეც ინკასო ვრცელდება, თანხის შეტანა/ჩარიცხვა დაფიქსირდება, საინკასო დავალების საფუძველზე ანგარიშიდან თანხა ჩამოიჭრება და მიიმართება სწორედ იმ დავალიანების დასაფარად, რის გამოც მოხდა ანგარიშებზე ინკასოს გავრცელება. უძრავი ქონების რეალიზაციის შემთხვევაში კი მიღებული თანხა სრულად ხმარდება თქვენი დავალიანების დაფარვას.

პრობლემების თავიდან ასაცილებლად, მნიშნელოვანია, რომ კარგად გავთვალოთ ჩვენი შესაძლებლობები, ყურადღებით წავიკითხოთ ხელშეკრულება და თუ გადახდას მაინც ვერ ვახერხებთ, მივმართოთ ფინანსურ ორგანიზაციას და ვცადოთ სესხის რესტრუქტურიზაცია. 

აუდიო ვერსიის მოსასმენად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=dYcr-FwtO1o