გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს სადებეტო და საკრედიტო ბარათებზე გესაუბრებით.

ბოლო წლებში, ინტენსიურად ხდება უნაღდო ანგარიშსწორებების წახალისება, შესაბამისად ბევრისთვის უცნობი არ იქნება პლასტიკური სადებეტო და საკრედიტო ბარათების მნიშვნელობა, თუმცა შესაძლოა ზოგმა არ იცოდეს თუ რა განასხვავებს ამ ბარათებს ერთმანეთისგან.

სადებეტო ბარათზე მომხმარებელს შეუძლია საკუთარი თანხის განთავსება. ეს როგორც წესი არის ხოლმე ხელფასი, ან სხვა ტიპის შემოსავალი. ბარათზე, ძირითადად, ოთხი სხვადასხვა ვალუტის ანგარიშია მიბმული: ლარი, აშშ დოლარი, გირვანქა სტერლინგი და ევრო. შესაძლებელია რომელიმე სხვა ვალუტის დამატებაც. საქართველოში უმეტესად Visa ან Mastercard ტიპის ბარათები გამოიყენება. პლასტიკური ბარათით შესაძლებელია ნებისმიერი სახის საბანკო ოპერაციის წარმოება - თანხის ჩარიცხვა, განაღდება, გადახდა, კონვერტაცია და ა.შ. თითქმის ყველა ბანკის ბარათით სარგებლობისთვის გადასახდელია ანგარიშის მომსახურების ყოველთვიური  საკომისიო და ბარათის წლიური ღირებულება. საკომისიოს მოცულობა განსხვავებულია და დამოკიდებულია ბარათის ტიპზე, მომხმარებლის სახელფასო პირობებზე და ა.შ.

საკრედიტო ბარათი არის ორი საბანკო პროდუქტის - პლასტიკური ბარათისა და სამომხმარებლო სესხის სინთეზი. ეს არის საბანკო პროდუქტი, რომელიც მომხმარებელს საშუალებას აძლევს სავაჭრო ობიექტში საბანკო კრედიტით შეიძინოს საქონელი ან მომსახურება, ასევე ინტერნეტით, ან ბანკომატის მეშვებით გაანაღდოს თანხა.

სესხის მაქსიმალური ოდენობა, რომელიც ინდივიდუალურია, მომხმარებლის საკრედიტო ისტორიისა და მისი შემოსავლების გათვალისწინებით განისაზღვრება.

შესაძლოა საკრედიტო ლიმიტის გაზრდაც. მომხმარებელს შეუძლია აითვისოს თანხა მისთვის სასურველ დროს და ნებისმიერი პერიოდულობით, ლიმიტის ფარგლებში. შესაბამისად, საკრედიტო ბარათს არ აქვს დაფარვის სტანდარტული გრაფიკი. უმეტეს საკრედიტო ბარათზე მოქმედებს ე.წ. საშეღავათო პერიოდი, რომლის განმავლობაშიც დავალიანების სრულად დაფარვის შემთხვევაში ათვისებულ თანხას არ ერიცხება პროცენტი. იმ შემთხვევაში თუ მომხმარებელმა სრულად ვერ დაფარა ათვისებული თანხა საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, ის ვალდებულია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პერიოდის ბოლოს, დაფაროს ათვისებული თანხის გარკვეული წილი და დარიცხული პროცენტი. გასათვალისწინებელია, რომ ბარათით ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიო, საკმაოდ მაღალია, ამიტომ გირჩევთ, რომ საკრედიტო ბარათით გადაიხადოთ სავაჭრო ობიექტებში ე.წ. პოსტერმინალის მეშვეობით და ბანკომატიდან თანხა მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოიტანოთ.

საკრედიტო ბარათები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო მასშტაბით ძალიან გავრცელებული და პოპულარული პროდუქტია. საზღვარგარეთ ამ ბარათების რეალური დანიშნულება არის ე.წ. „შოპინგი,“ როგორც მაღაზიებში, ასევე ინტერნეტში.

მომხმარებლებმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ, რომ საშუალოდ ბანკომატიდან თანხის გამოტანის საკომისიო 3-4%-მდე მერყეობს, საშეღავათო პერიოდი დაახლოებით 55 დღეა, ხოლო წლიური საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 24%-36%-ია.

აქვე უნდა ვთქვათ, რომ თუ მომხმარებელი საკრედიტო ბარათს მხოლოდ პოსტერმინალის მეშვეობით გამოიყენებს წლიური საპროცენტო განაკვეთი გაცილებით ნაკლებია, ვიდრე ამ თანხის განაღდების შემთხვევაში. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თითქმის ყველა ბანკის ბარათს აქვს გარკვეული შეღავათები და ქულების დაგროვების სისტემები, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს უნაღდო ანგარიშსწორების წახალისებას.

აუდიო ვერსიის გასაცნობად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=W9Zbmq9Cm_c