გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს სესხის რესტრუქტურიზაციაზე გესაუბრებით.

ცხოვრებაში მოულოდნელობებიც ხდება ხოლმე. მაგალითად, ზოგჯერ ადამიანები კარგავენ სამსახურს ან აქვთ რამდენიმეთვიანი ჩავარდნა შემოსავლებში. იმის მიუხედავად , თუ რამდენად ზედმიწევნით განვსაზღვრავთ და გავაანალიზებთ წინასწარ სხვადასხვა რისკებს, არავინ ვართ დაზღვეული იმისგან რომ გარკვეულ პერიოდში სესხის მომსახურების გაგრძელება ვეღარ შევძლოთ. თუკი ყოველთვიური შენატანის დაფარვა მხოლოდ რამდენიმეჯერ შეფერხდა, უმჯობესი იქნება გადავხედოთ ჩვენს ყოველთვიურ ხარჯებს და მაქსიმალურად ვეცადოთ მათი ნაწილის  შემცირებას. მაგრამ როცა პრობლემა უფრო მასშტაბური ხდება და  სისტემატურად გვერიცხება ჯარიმა, უმჯობესია მივმართოთ სესხის რესტრუქტურიზაციას.

სესხის რესტრუქტურიზაციისას ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები კიდევ ერთხელ გადაიხედება და სესხის დაფარვა გაგრძელდება ისეთი ახალი პირობებით, რომლებიც მისაღები იქნება როგორც სესხის გამცემისთვის, ისე მისი მიმღებისთვის. ეს შესაძლოა გულისხმობდეს სესხის ვადის გაზრდას, ან სხვადასხვა სესხების გაერთიანებას. ვადის გახანგრძლივების შემთხვევაში საბოლოოდ გადასახდელი თანხა გაიზრდება, მაგრამ ყოველთვიური შენატანების მოცულობა შემცირდება, რაც საშუალებას მოგცემთ დრო მოიგოთ, სანამ თქვენს პირად ფინანსურ პრობლემებს მოაგვარებთ. ასევე მიზანშეწონილია რამდენიმე პარალელური სესხის გაერთიანება, რაც საბოლოო ჯამში შეამცირებს საშუალო საპროცენტო განაკვეთს და ვალის ტვირთს შეგიმსუბუქებთ. მაგალითად, თუ გაქვთ, საკრედიტო ბარათი, განვადება და ოვერდრაფტი, სჯობს აიღოთ სამომხმარებლო სესხი და ყველა ეს ვალდებულება გადაფაროთ.

სესხის რესტრუქტურიზაცია მნიშვნელოვნად დაეხმარა მოქალაქეებს მიმდინარე პანდემიის ფონზე, რათა არ შექმნოდათ პრობლემა სესხის მომსახურებისას. მაშინ, როცა მოქალაქეთა დიდი ნაწილი შემოსავლის გარეშე დარჩა და მომავალიც გარკვეულწილად ბუნდოვანი იყო, მათ არჩევანის საშუალება მიეცათ, ესარგებლათ ბანკების მიერ შემოთავაზებული პირობით და მინიმუმ 3 თვით გადაევადებინათ სესხის მიმდინარე დაფარვები. ვინაიდან, 3 თვიანი საშეღავათო პერიოდის გასვლის შემდგომ, ვითარება მნიშნელოვნად არ შეცვლილა, ბანკებმა მიიღეს გადაწყვეტილება,  კვლავ გაეგრძელებინათ  სესხის დაფარვის გადავადება. რითიც 100 ათასობით მსესხებელს, როგორც ფიზიკურ, ასევე იურიდიულ პირებს, მისცეს შესაძლებლობა, მორგებოდნენ შეცვლილ რეალობას და ვალდებულებებიც შეუფერხებლად დაეფარათ მომავალში.

რესტრუქტურიზაცია, აგრეთვე, გეხმარებათ დარჩეთ კეთილსინდისიერ გადამხდელად და თქვენი საკრედიტო ისტორია არ გაიფუჭოთ, რაც შემდეგში ავტომატურად გაგიმარტივებთ სხვა სესხის ადვილად და უფრო ხელსაყრელი პირობებით აღებას. სესხის პირობების შეცვლა არ არის ადვილი პროცესი, სჯობს ის ბანკთან მოლაპარაკების და  რესტრუქტურიზაციის გზით მოვაგვაროთ. პრობლემისგან გაქცევა ტელეფონის გამორთვის ან ბანკის წარმომადგენელთან კომუნიკაციისგან თავის არიდების გზით გამოსავალი არ არის. ეს მხოლოდ დაამძიმებს თქვენს ფინანსურ მდგომარეობას. საუკეთესო გზაა, ბანკს დროულად შეატყობინოთ წარმოქმნილი პრობლემის შესახებ და ერთად მოძებნოთ გამოსავალი.

აუდიო ვერსიის გასაცნობად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=yFEfZxIQRlc