გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს თავდებობაზე გესაუბრებით.

დავიწყოთ მთავარით - თავდები პირი ზუსტად ისე არის პასუხისმგებელი სესხის სრულად დაფარვაზე, როგორც ძირითადი მსესხებელი. თავდები პირი გულისხმობს მესამე პირს და თუ ძირითადი მოვალე არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს, გადააცილებს გადახდის თარიღს ან მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ბანკი უფლებამოსილია ვალის გადახდა მთლიანად თავდებს დააკისროს. თავდებობას ისეთივე სერიოზულობით უნდა მოვეკიდოთ, როგორც სესხის აღებას, რადგან იგი დიდ პასუხისმგებლობის აღებას გულისხმობს.

სესხის დამტკიცების დროს, საფინანსო ინსტიტუტი ითვალისწინებს როგორც მსესხებლის, ისე თავდების ფინანსურ მდგომარეობას და განიხილავს მათ საკრედიტო ისტორიას. შესაძლებელია ერთი ადამიანი იყოს რამდენიმე სესხის თავდები პირი. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ თითოეული  გავლენას მოახდენს თავდების სესხის აღების კოეფიციენტზე და თუკი მას მიმდინარე პერიოდში სესხის აღება მოუხდება, ხელმისაწვდომი კრედიტის ოდენობა მისთვის საგრძნობლად შემცირდება.

სანამ სესხზე თავდებობას გადაწყვეტთ დაფიქრდით, რამდენად მაღალია იმის მოლოდინი, რომ მსესხებელი, მისი ფინანსური მდგომარეობისა და პიროვნული თვისებების გათვალისწინებით, დაბრკოლებების გარეშე შეძლებს სესხის დაფარვას. სასურველია, გადაწყვეტილება მხოლოდ პირადი ურთიერთობიდან გამომდინარე არ მიიღოთ და დაუშვათ ის სცენარი, რომ მსესხებლის მიერ სესხის ვადაგადაცილების ან სულაც გადაუხდელობის შემთხვევაში, ვალდებულების დაფარვა თქვენ მოგიწევთ.

არსებობს რამდენიმე სახის თავდებობის ხელშეკრულება. რიგ შემთხვევაში, კრედიტორმა შესაძლოა მოითხოვოს სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების გაფორმება. ასეთ შემთხვევაში, კრედიტორს უფლება აქვს, მსესხებლის მიერ სესხის გადაუხდელობისა და მისი უშედეგოდ გაფრთხილების შემთხვევაში, ასევე, მაშინაც როცა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს თავდებს ისე, რომ არც სცადოს იძულებითი აღსრულების ღონისძიებების გატარება მსესხებლის მიმართ.  ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ხელშეკრულება სოლიდარული თავდებობის სახით არ ფორმდება, თავდებს უფლება აქვს უარი თქვას კრედიტორის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე იქამდე, ვიდრე ის არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.

კიდევ უფრო საფრთხილოა თავდებობა, რომელიც ფორმდება არა კონკრეტულ სესხზე, არამედ   გენერალურ ხელშეკრულებაზე. ასეთ ხელშეკრულებებში ფიქსირდება თავდებობის ჯამური ლიმიტი, მოქმედების მაქსიმალური ვადა და სესხთან დაკავშირებული ხარჯების ზღვრული მონაცემები. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში მსესხებელმა შესაძლოა მომავალშიც აიღოს დამატებითი ვალდებულება, რომლის შესახებაც მართალია, კრედიტორი შეგატყობინებთ, თუმცა მის გაცემაზე თქვენი თანხმობა არ იქნება საჭირო. ამდენად, სამომავლოდ მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულება და, შესაბამისად, თქვენი პასუხისმგებლობის მოცულობა შესაძლოა გაიზარდოს.

მოცემული ფაქტორების გათვალისწინებით, სანამ თავდებობას გადაწყვეტთ, უმჯობესია კარგად დაფიქრდეთ და თუ სამომავლო რისკები მაღალია, დასაწყისშივე თქვათ უარი ამ პასუხიმგებლობის აღებაზე, ვიდრე სამომავლოდ დადგეთ გამოუვალი მდგომარეობის წინაშე. პირადად ჩემი რჩევაა, რომ თავდებად დაუდგეთ მხოლოდ იმ ადამიანს, ვისაც ნამდვილად ენდობით და ვის  მაგივრადაც მზად ხართ, სესხი გადაიხადოთ.

აუდიო ვერსიის გასაცნობად მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=butZ7DAH-gI