გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს მოგიყვებით, რისგან შედგება სესხის საპროცენტო განაკვეთი.
ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მოსაზრება ქართულ საპროცენტო განაკვეთებზე არის, რომ ის ძალიან მაღალია. ეკონომიკაში აბსოლუტური რიცხვებით შეფასებას სჯობს, რომ ისინი რამეს შევადაროთ. მაგალითად რომელ ქვეყანასთან შედარებით არის ჩვენთან მაღალი საპროცენტო განაკვეთი? გერმანია და შვეიცარია? მაგრამ მათი ეკონომიკაც ხომ ჩვენსას ბევრად სჯობს. ანუ რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით უფრო დაბალი საპროცენტო განაკვეთები აქვს? დიახ, ეს ძირითადად ასეა. შესაბამისად, ჩვენთან საპროცენტო განაკვეთები მაღალი ან დაბალი კი არ არის, არამედ არის ისეთი, როგორსაც ქვეყნის მდგომარეობა და ეკონომიკა განსაზღვრავს.
ალბათ საინტერესოა, თუ რისგან შედგება სესხის საპროცენტო განაკვეთი. რა კომპონენტებს მოიცავს ის.
ისევე, როგორც ნებისმიერი პროდუქტის შეძენისას, სესხის სარგებლობისთვისაც ვიხდით გარკვეულ თანხას, საპროცენტო განაკვეთს, რომელიც განსხვავებულია, როგორც ცალკეული პროდუქტების, ისე სესხის გამცემი ორგანიზაციების ტიპის მიხედვით.
სესხის მთავარი შემადგენელი არის მოზიდული სახსრების ღირებულება. ანუ რა უჯდება კომერციულ ბანკს ანაბარი, ან საერთაშორისო ორგანიზაციიდან ნასესხები თანხა. რამდენ პროცენტში აქვს ის თავად აღებული. ასევე მნიშვნელოვანი კომპონენტია რისკის პრემიუმი, რომელიც სხვადასხვა ტიპის რისკებს მოიცავს, მათ შორის ერთ-ერთი მთავარი ქვეყნის რისკია, ანუ რამდენად უსაფრთხოა ქვეყანა ფინანსურად. იაფი ევროპული სესხები რომ მოგვწონს, იქ რისკიც დაბალია და ფულიც უფრო იაფი. ამ კომპონენტებს შემდეგ ემატება ადმინისტრაციული და სხვა ხარჯები და მოგების წილიც. საბოლოო ჯამში ვიღებთ ნომინალურ საპროცენტო განაკვეთს. რისკის პრემიუმი სხვადასხვა ტიპის სესხების შემთხვევაში განსხვავებულია, ამიტომ რაც უფრო ნაკლებად სარისკოა სესხი, მით უფრო დაბალია მისი საპროცენტო განაკვეთი.
საპროცენტო განაკვეთი არსებობს ფიქსირებული და ცვლადი. ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთის დროს, წინასწარ ხდება შეთანხმება სესხის საპროცენტო ხარჯზე და იგი უცვლელი რჩება სესხის მომსახურების ბოლომდე, ხოლო ცვლადი საპროცენტო განაკვეთი არის საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გარკვეული წესით მიბმულია რაიმე საჯარო მაჩვენებელზე. ის არის ისეთი საჯაროდ ხელმისაწვდომი მაჩვენებელი, განაკვეთი ან ინდექსი, რომელზეც ბანკი ვერ ახდენს მნიშვნელოვან გავლენას. მაგალითად, ანაბრის საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა მიბმული იყოს ინფლაციაზე, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთზე, ლონდონის ბანკთაშორის განაკვეთზე, ე.წ. ლიბორზე, ნავთობის ან ოქროს ფასზე და ა.შ.. ამ შემთხვევაში, აუცილებელია აღნიშნული ფასი დადგენილი იყოს საერთაშორისოდ აღიარებული ბირჟის ან კორპორაციის მიერ.
ბაზარზე ეროვნულ ვალუტაში გაცემული ცვლად განაკვეთიანი სესხებისთვის, ძირითადად, ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი მონეტარული პოლიტიკის, ანუ რეფინანსირების განაკვეთი გამოიყენება. რეფინანსირების განაკვეთის ცვლილებასთან ერთად, იცვლება საპროცენტო განაკვეთიც. გრძელვადიანი პერიოდის განმავლობაში, მოსალოდნელია რეფინანსირების განაკვეთის თანდათან შემცირება, თუმცა შექმნილი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ეს პროცესი დროებით შეფერხდა.
მსესხებლები ხშირად გამოთქვამენ უკმაყოფილებას, რომ სესხით სარგებლობისას რეალური ხარჯი გაცილებით მეტი გამოსდით, ვიდრე თავიდან იყო შეთანხმებული. მსგავს გაუგებრობებს მარტივად აიცილებთ თავიდან, თუკი მოითხოვთ ინფორმაციას ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის დაანგარიშებაში გათვალისწინებულია ყველა აუცილებელი ფინანსური ხარჯი, რაც ახლავს სესხის გაცემას. ასეთი შეიძლება იყოს, სესხის გაცემის საკომისიო, ბანკომატიდან თანხის განაღდების საკომისიო და ა.შ. სესხის შემთხვევაში ეფექტური საპროცენტო განაკვეთი, როგორც წესი, ნომინალურზე უფრო მაღალია.
აუდიო ვერსიის გასაცნობად, მიჰყევით ბმულს:
https://www.youtube.com/watch?v=_KjxwynWsV0