გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს მოგიყვებით რას აქცევს ბანკი ყურადღებას სესხის გაცემისას. 

სესხის გაცემა, განსაკუთრებით მაშინ, როცა გრძელვადიან სესხებზე ვსაუბრობთ, გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. რისკები ვრცელდება, როგორც სესხის ამღებ პირზე, ისე მის გამცემ ორგანიზაციაზე, ამიტომ ბანკი ინფორმაციის წინასწარი მოძიებით და დაზუსტებით მაქსიმალურად ცდილობს მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილებას.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც სესხის გაცემის პროცესში ბანკი ითვალისწინებს, ეს არის მსესხებლის გადახდისუნარიანობა და მიზნობრიობა. აღსანიშნავია, რომ სესხის დამტკიცების პროცედურა ბანკში მოქმედ საკრედიტო პოლიტიკაზეა დამოკიდებული. მაგალითად, გადაწყვეტილების მიღებას რიგ შემთხვევაში შესაძლოა მხოლოდ რამდენიმე წუთი, ზოგჯერ კი რამდენიმე დღე დასჭირდეს. გადაწყვეტილებისთვის საჭირო დროის ხანგრძლივობა ხშირად მოთხოვნილი თანხის მოცულობაზე, სესხის ტიპზე და მონაცემების შესწავლის თავისებურებებზეც არის დამოკიდებული. მაგალითად, თუ საჭიროა დამატებითი დოკუმენტის წარდგენა, რომლითაც განაცხადში მითითებულ ინფორმაციას დაადასტურებთ, გადაწყვეტილების მიღების პროცესის ხანგრძლივობა თქვენ მიერ ამ დოკუმენტების წარდგენის დროზეც იქნება დამოკიდებული.

ხშირ შემთხვევაში, დამატებითი დოკუმენტები, რომლის წარდგენასაც სესხის გამცემი ორგანიზაცია ითხოვს, სესხის ტიპზე არის დამოკიდებული. მაგალითად, თუკი სტუდენტური სესხის აღება გადაწყვიტეთ, სესხის გამცემი აუცილებლად მოგთხოვთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის დამადასტურებელ დოკუმენტს. თუკი, იპოთეკური სესხის აღება გაქვთ გადაწყვეტილი, პროცედურა ფინანსური მონაცემების ანალიზთან ერთად შესაძენი თუ უზრუნველყოფაში ჩასადები ქონების შესახებ ინფორმაციის შესწავლასაც მოიცავს, რამდენადაც გასაცემი სესხის თანხა უზრუნველყოფაში წარმოდგენილი ქონების ღირებულებაზეცაა დამოკიდებული.

იმ შემთხვევაში, თუ გყავთ თანამსესხებელი ან თავდები, ბანკი მათ გადახდისუნარიანობასაც ამოწმებს, რათა საჭიროების შემთხვევაში დაბრკოლების გარეშე გაგრძელდეს სესხის დაფარვა.

სესხის გამცემი ორგანიზაცია დეტალურად შეისწავლის თქვენს საკრედიტო ისტორიას და პარალელურ ფინანსურ ვალდებულებებს. აგრეთვე, შემოსავლის სტაბილურობას, რათა წინასწარ განისაზღვროს, შეძლებთ თუ არა უახლოესი პერიოდის განმავლობაში სესხის მომსახურებას დაბრკოლებების გარეშე და კრედიტი თქვენზე მორგებული პირობებით შემოგთავაზოთ.

ბევრისთვის გამაღიზიანებელია, თუ რამდენი დრო და ენერგია შეიძლება მოხმარდეს საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებას და წარდგენას, თუმცა აუცილებელია ხაზი გავუსვათ, რომ რისკების წინასწარი შეფასება და ანალიზი ეხმარება, როგორც სესხის გამცემს, ასევე მიმღებს, რომ მინიმუმამდე დაიყვანონ მოსალოდნელი რისკები და თანამშრომლობა პრობლემების გარეშე  გააგრძელონ.

აუდიო ვერსიის გასაცნობად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=8WYwBKkji1M