გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რომელ ვალუტაში სჯობს სესხის აღება.
ნებისმიერი სესხის აღება დაფიქრებას მოითხოვს, ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებთ. რათა სწორად გავთვალოთ მოსალოდნელი ფინანსური ვალდებულებები.
სწორედ ამიტომაც ითხოვენ ბანკები სესხის უზრუნველყოფას, შემოსავლების დადასტურებას, თუ სხვადასხვა რისკების დაზღვევას. თუმცა, რისკები მნიშვნელოვნად იზრდება, თუკი სესხს იმ ვალუტაში არ იღებთ, რომელშიც ხელფასი გერიცხებათ.
კურსის ცვალებადობასთან ერთად სესხზე გადასახდელი ხარჯების წილი შესაძლოა გაიზარდოს. ამის წინასწარ განსაზღვრა შეუძლებელია, განსაკუთრებით მაშინ, როცა სესხი გრძელვადიანია.
განვიხილოთ მაგალითი: თუკი შემოსავალი გერიცხებათ ლარში, ხოლო სესხის აღება დოლარში გადაწყვიტეთ და მაგალითად, სესხის აღებისას ყოველთვიური შენატანი განისაზღვრებოდა 100$-ით, და პირობითად 1$ - 2 ლარი 30 თეთრი ღირდა, თქვენ სესხის მომსახურებისთვის შემოსავლიდან ყოველთვიურად 230 ლარის გადადება მოგიწევდათ. ვალუტის კურსის ცვლილების დროს, თუკი ლარი გაუფასურდება, (რაც ჩვენს რეალობაში სამწუხაროდ ხშირად ხდება) და 1$ გახდება - ვთქვათ 3,30, თქვენი ყოველთვიური შენატანი გაიზრდება 100 ლარით და გამოვა 330 ლარი. მაშინ, როცა ლარში სესხის აღების შემთხვევაში ეს ხარჯი პრაქტიკულად არ იარსებებდა.
რაც არ უნდა მომხიბლველი იყოს დოლარში ან ევროში პროცენტი, სჯობს სესხი მაინც იმ ვალუტაში აიღოთ, რომელშიც გაქვთ შემოსავალი. ასე უფრო დაცული იქნებით სავალუტო რისკისგან.
პრინციპში დღესდღეობით 200 ათას ლარამდე სესხს უცხოურ ვალუტაში უკვე ვერც აიღებთ. 2018 წლიდან ამოქმედდა ახალი რეგულაცია, რომლის მიხედვით 200 000 ლარამდე ნებისმიერი სესხი მხოლოდ ლარში გაიცემა. ამან მნიშვნელოვნად შეამცირა უცხოურ ვალუტაში სასესხო პორტფელი და გაზარდა ლარიზაციის მაჩვენებელი.
აგრეთვე, განისაზღვრა სესხის მომსახურების ახალი კოეფიციენტები. მაგალითად, თუ თქვენი შემოსავალი ყოველთვიურად 1000 ლარზე ნაკლებია, უცხოურ ვალუტაში სესხის აღებისას შემოსავლის მხოლოდ 20%-ის მიმართვა შეგიძლიათ სასესხო მომსახურებაზე. ხოლო თუ თქვენი ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარს აჭარბებს, ამ მიზნით შემოსავლის 30%-ის გამოყენება შეგიძლიათ.
და ბოლოს, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ - სავალუტო რისკის წინასწარ გათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია და მისგან დაცვის ერთადერთი ეფექტური საშუალებაა, სესხი იმ ვალუტაში აიღოთ, რომელშიც შემოსავალი გერიცხებათ.
აუდიო ვერსიის მოსასმენად მიჰყევით ბმულს:
https://www.youtube.com/watch?v=jO7-LlV_OaM&list=PLWpL8Yo1rPp9uBheJsP8u9BLYW1iMZUkB&index=5