გამარჯობა, მე გიორგი კეპულაძე ვარ და დღეს იპოთეკურ სესხზე ვისაუბრებთ. 

თუ უძრავი ქონების შეძენას ან რემონტს აპირებთ და საკმარისი დანაზოგი არ გაქვთ, შესაძლოა იპოთეკური სესხი დაგჭირდეთ. ეს არის უზრუნველყოფილი გრძელვადიანი მიზნობრივი კრედიტი, რომლის მეშვეობით შეგიძლიათ შეიძინოთ, ააშენოთ ან გაარემონტოთ - ბინა, აგარაკი, მიწის ნაკვეთი. ის აუცილებლად მხოლოდ კონკრეტული მიზნობრიობით გაიცემა - შეძენა ან რემონტი. მოცულობიდან გამომდინარე, იპოთეკური სესხი ყველაზე ხანგრძლივ დროზე ნაწილდება და შედარებით დაბალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევა. სესხის პირობები ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მომხმარებლის შემოსავალზე, მის საკრედიტო ისტორიაზე და შესაძენი ქონების ღირებულებაზე. იპოთეკური სესხის აღება შესაძლებელია, როგორც ეროვნულ ისე უცხოურ ვალუტაში, მაქსიმალური ვადა კი 15 წელია.

ამ სესხით სარგებლობისას უნდა გავითვალისწინოთ ის დამატებითი დანახარჯები, რომელიც თან ახლავს მას, ესენია:

  • სესხის გაცემის საკომისიო
  • საპროცენტო განაკვეთი
  • საჯარო რეესტრის ან ნოტარიუსის ხარჯი
  • სესხის წინსწრებით დაფარვის საკომისიო, ე.წ. პირგასამტეხლო - მაქს. 2%
  • უძრავი ქონების და მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევის ღირებულება
  • უზრუნველყოფის რეგისტრაციასა და რეგისტრაციის მოხსნასთან დაკავშირებული ხარჯები.

იპოთეკური სესხის აღება შესაძლებელია, როგორც ეროვნულ ისე უცხოურ ვალუტაში. თუმცა, აუცილებელია გავითვალისწინოთ სავალუტო რისკი. თუ თქვენ შემოსავალი ერთ ვალუტაში გერიცხებათ, სესხს კი სხვა ვალუტაში აიღებთ, კურსის ცვალებადობასთან ერთად სესხზე გადასახდელი ხარჯების წილი შესაძლოა გაიზარდოს. გამომდინარე პროდუქტის ხანგრძლივობიდან, ამ რისკის წინასწარი გათვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. ამიტომ, აღნიშნული რისკისგან დასაცავად რეკომენდებულია სესხი იმ ვალუტაში აიღოთ, რომელშიც შემოსავალი გაქვთ.

როგორც გითხარით, იპოთეკური სესხი ერთ-ერთი ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთით გამოირჩევა. თუმცა, ხარჯის კიდევ უფრო შემცირება შეგიძლიათ თუ გამოიყენებთ ოფსეტ ფუნქციას. მაგალითად, თუკი რეგულარულად გერიცხებათ სახელფასო შემოსავალი და მას ერთბაშად არ იყენებთ, შეგიძლიათ გადაიტანოთ მოცემული თანხა სესხის მომსახურე ანგარიშზე და რაც უფრო დიდხანს დააყოვნებთ მას მით მეტად შეგიმცირდებათ ყოველთვიური გადასახადი. საჭიროების შემთხვევაში, ინტერნეტ ან მობაილ ბანკის საშუალებით მომენტალურად შეგიძლიათ უკანვე გადმორიცხოთ თანხის ნაწილი და გამოიყენოთ დანიშნულებისამებრ.

ვთქვათ, გაქვთ სესხის ძირი დარჩენილი 30 ათასი ლარი, რომელსაც პროცენტი ერიცხება, თუ თქვენ ოფსეტ ანგარიშზე დადებთ პირობითად 3 ათას ლარს, პროცენტი დაერიცხება 27000 ლარს და ეს ყოველთვიურ გადასახადს შეგიმცირებთ. სესხზე პროცენტის დარიცხვა ყოველდღიურად ხდება, ამიტომ, რაც უფრო დიდხანს დადებთ თანხას ოფსეტ ანგარიშზე, მით უფრო ნაკლებ პროცენტს გადაიხდით.

იპოთეკური სესხი ერთ-ერთი ყველაზე გრძელვადიანი სესხია და დიდი ხნის განმავლობაში მნიშვნელოვნად განსაზღვრავს თქვენს განკარგვად შემოსავლებს, ამიტომ მის აღებას ყურადღებით უნდა მოეკიდოთ. აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ სესხის მოქმედების პერიოდში თქვენ მიერ აღებული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ბანკს უფლება აქვს,  უზრუნველყოფაში არსებული უძრავი ქონების მესაკუთრე გახდეს.

აუდიო ვერსიის გასაცნობად, მიჰყევით ბმულს:

https://www.youtube.com/watch?v=JyT2cP3EHMM&list=PLWpL8Yo1rPp9uBheJsP8u9BLYW1iMZUkB&index=4