ხელმომწერი ორგანიზაციები უკიდურესად აღშფოთებული ვართ 20 ივნისს განვითარებული მოვლენებით. სამწუხაროდ, საზოგადოება კიდევ ერთხელ გახდა ფართომასშტაბიანი სამოქალაქო პროტესტის წინააღმდეგ საპოლიციო ძალის არაპროპორციული გამოყენების მოწმე, რასაც შედეგად მოჰყვა ათობით ადამიანის დაკავება და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება.
20 ივნისის დილიდან საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მოყვა რუსეთის დუმის დეპუტატის სერგეი გავრილოვის მიერ პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სიტყვით გამოსვლის სიმბოლურ აქტს. ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლისთვის საკანონმდებლო ორგანოს ტრიბუნის დათმობით გამოწვეულმა პროტესტმა დღის განმავლობაში მზარდი ხასიათი მიიღო და დღის ბოლოს პარლამენტთან მრავალრიცხოვან აქციაში გადაიზარდა.
სამწუხაროდ, არცერთ ეტაპზე ხელისუფლებას არ აღმოაჩნდა კეთილგონიერება და ვერ შეძლო წარმოქმნილ პოლიტიკურ კრიზისზე ადეკვატური რეაგირება, რამაც უკიდურესად გაამძაფრა პარლამენტთან მიმდინარე პროტესტი.
აქციის მიმდინარეობისას, ზოგიერთი პოლიტიკური ლიდერის მხრიდან პარლამენტის და სტრატეგიული ობიექტების დაკავების რიტორიკამ სიტუაციის დამატებითი ესკალაცია გამოიწვია. აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან პარლამენტში ძალით შესვლის მცდელობამ და პოლიციასთან ძალისმიერმა დაპირისპირებამ სამართალდამცავებს მანიფესტაციის უფლებაში მართლზომიერი ჩარევის საფუძველი გაუჩინა. თუმცა, ცალსახად უნდა ითქვას, რომ საპოლიციო ღონისძიების დაწყების და მიმდინარეობისას სამართალდამცავების მოქმედება გასცდა კანონის ფარგლებს.
საქართველოს კანონმდებლობის მკაფიო მოთხოვნის მიუხედავად, შესაბამისი ორგანოების მხრიდან აქციის მონაწილეებისთვის გასაგები ფორმით არ გაკეთებულა გაფრთხილება აქციის შეწყვეტის, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ძალის გამოყენების შესახებ. ამასთან, არსებითად პრობლემური იყო გამოყენებული სპეციალური საშუალებები, ისევე როგორც მათი ინტენსივობა, ფორმა და მიზანი. როგორც გავრცელებული კადრებიდან ჩანს, რიგ შემთხვევაში რეზინის ტყვიები გამოიყენებოდა სახის და თავის არეში დამიზნებით, მცირე დისტანციიდან, რაც ტოვებდა განცდას, რომ მსგავსი ქმედების მიზანი დემონსტრატების დასახიჩრება და არა აქციის დაშლა იყო.
როგორც ცნობილია, დაზარალებულებს შორის მედიის წარმომადგენლებიც აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი მათგანი ასევე საუბრობს ჟურნალისტურ საქმიანობასთან კავშირში მისი დაკავებისა და ძალის გამოყენების შესახებ. არსებითია, რომ ჟურნალისტებთან მიმართებით პოლიციის ქმედებები დროული და დეტალური შესწავლის საგანი გახდეს.
20 ივნისს პოლიციამ ათეულობით ადამიანი დააკავა. ზოგიერთ შემთხვევაში შესაძლოა სახეზე იყოს აქციის მონაწილეთა თვითნებური და უსაფუძვლო დაკავება. საგანგაშოა, რომ ვრცელდება ინფორმაცია დაკავებულთა ნაწილის მიმართ დაკავებამდე და დაკავების შემდგომ ფიზიკურ ძალადობაზე. როგორც ცნობილია, დაკავებულთა საქმეების განხილვა სასამართლოში უკვე დაიწყო. მნიშვნელოვანია, რომ დაკავებულებს მიეცეთ დაცვის უფლების და ადვოკატებთან კომუნიკაციის საშუალება. სასამართლომ უნდა უზრუნველყოს ინდივივიდუალურობის პრინციპის მკაცრი დაცვით მათი საქმეების განხილვა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილოს დაკავებულთა შესაძლო დაზიანებების შემთხვევებზე.
შექმნილი მძიმე ვითარების ფონზე, პოლიტიკური ხელისუფლება კვლავ დუმს, ხოლო მოქალაქეთა ჯგუფი დღეს საღამოს კვლავ საქართველოს პარლამენტთან შეკრებას აანონსებს. ამ პირობებში, გადამწყვეტია, რომ როგორც ხელისუფლებამ, ისე პოლიტიკურმა და საზოგადოებრივმა ჯგუფებმა გააცნობიეროს პროცესების მშვიდობიან ფორმატში წარმართვის აუცილებლობა, არ დაუშვას სიტუაციის დამატებითი ესკალაცია და საფრთხე არ შეუქმნას ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა განვითარებული მძიმე პროცესების გამო და გადადგას შემდეგი ნაბიჯები:
პოლიტიკური კრიზისების გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით, პარლამენტის თავმჯდომარემ დატოვოს დაკავებული თანამდებობა;
სამართალდამცავების მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების და საპოლიციო ოპერაციით გამოწვეული მძიმე შედეგების გათვალისწინებით, თანამდებობა ასევე დატოვოს შინაგან საქმეთა მინისტრმა;
უახლოეს საათებში ხელისუფლებამ გადადგას ქმედითი ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციის მიზნით და დაიწყოს რეალური დიალოგი პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებთან. მათ შორის, ხელისუფლებამ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის დაძლევის საშუალებად განიხილოს მომდევნო საპარლამენტო არჩევნებისთვის პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა;
მოვუწოდებთ პოლიციას დღეს დაანონსებულ აქციაზე უზრუნველყოს მანიფესტაციის უფლებით მშვიდობიან გარემოში სარგებლობის შესაძლებლობა და არ დაუშვას ძალის არაპროპორციული გამოყენება;
მოვუწოდებთ საქართველოს პროკურატურას, უზრუნველყოს პოლიციის მხრიდან არაპროპორციული ძალის გამოყენების, სავარაუდო თვითნებური დაკავებების, დაკავებულთა მიმართ ფიზიკური ძალადობის და სხვა მოვლენების სრულყოფილი და ობიექტური გამოძიება;
ამასთან, მივმართავთ პოლიტიკურ ოპოზიციას გაიაზროს, მისი როლი და პასუხისმგებლობა პროცესების შესაძლო განვითარებაში, თავი შეიკავონ ძალადობრივი ქმედებებისკენ მოწოდებისგან და არ დაუშვან ვითარების შემდგომი ესკალაცია.
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო (TI)
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საერთაშორისო სამართლიანობა
ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი WISG
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი (IDSD)
საზოგადოება და ბანკები
ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი(TDI)
მედიის განვითარების ფონდი (MDF)
სამოქალაქო განვითარების სააგენტო
საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტი
მწვანე ალტერნატივა
ფოტოს ავტორი: ტბელ აბუსერიძე