მორალური საფრთხე (Moral Hazard) არის სიტუაცია, როდესაც ერთი მხარე დგამს სარისკო ნაბიჯს, ხოლო აღნიშნული ნაბიჯის შედეგებზე პასუხისმგებელია მეორე. მორალური საფრთხე წარმოიქმნება იმის გამო, რომ ინდივიდი ან დაწესებულება არ იღებს სრულ პასუხისმგებლობას მის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგებზე, შესაბამისად, ნაკლებ ყურადღებას აქცევს საკუთარ საქციელს, ვიდრე მიაქცევდა, აღნიშნული ქმედების შედეგებზე ერთპიროვნულად თავად რომ ყოფილიყო პასუხისმგებელი. ანუ, მორალური საფრთხე გვიჩვენებს, თუ როგორ იცვლება ინდივიდის ქცევა, როდესაც მისი დანაკარგები დაზღვეულია.

რეალურ ცხოვრებაში მორალურ საფრთხესთან შეხება ძირითადად გვაქვს ორ სფეროში: სადაზღვევო და საფინანსო საქმიანობაში.

დავუშვათ, თქვენი მანქანა სრულად არის დაზღვეული და აგინაზღაურებენ ყველანაირ დაზიანებას, გამონაკლისების გარეშე, განურჩევლად იმისა, თუ რამ გამოიწვია აღნიშნული დაზიანება. ასეთ შემთხვევაში, თქვენ გამოიჩენთ ნაკლებ სიფრთხილეს და ნაკლებად იზრუნებთ, რომ თავიდან აირიდოთ მცირე ავარიები, როგორიცაა ნაკაწრები ან დაზიანებულ გზებზე სიარული, ვინაიდან დარწმუნებული იქნებით, რომ რაც არ უნდა მოხდეს, თქვენს ავტომობილს შეაკეთებენ. მართალია რეალურ სამყაროში ნებისმიერი ტიპის დაზღვევა მოიცავს გამონაკლისებს და ხდება მხოლოდ გარკვეული ტიპის სადაზღვევო შემთხვევების დაფარვა, თუმცა დაზღვევის არსებობის შემთხვევაში მორალური საფრთხე მაინც წარმოიქმნება.

რაც შეეხება ფინანსურ ბაზრებს,  ფინანსურ ბაზარზე, არსებობს რისკი, რომ მსესხებელი განახორციელებს ინვესტირებას ისეთ საქმიანობაში, რაც სარისკო და არასასურველია კრედიტორებისათვის, რადგან ნაკლებად სავარაუდოა აღნიშნული ინვესტიციიდან უკუგების მიღება და შესაბამისად  სესხის დაფარვა. მსგავსი ქმედება გვხვდება, როდესაც მსესხებელმა იცის, რომ ვინმე აიღებს მის შეცდომაზე პასუხისმგებლობას და დაფარავს მის ვალდებულებას. ამის პრაქტიკული მაგალითია დიდი კომპანიის ქმედებები, რომლებიც აღქმულია ძალიან დიდად, იმისათვის რომ დაიხურონ (too big to fail). ასეთი კომპანიის მარცხს შესაძლოა კატასტროფული შედეგი ჰქონდეს მთლიანად ეკონომიკისთვის, შესაბამისად, სახელმწიფო ან მარეგულირებელი ორგანოები (მაგ. ცენტრალური ბანკები) ცდილობენ თავიანთ თავზე აიღონ აღნიშნული კომპანიის ვალდებულებები, რათა ისინი დეფოლტისგან იხსნან, რითაც მათ სტიმულს აძლევენ გადადგან მაღალი რისკის შემცველი ნაბიჯები.

2008 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის მორალური საფრთხე

2008 წლის ეკონომიკური კრიზისის დასაწყისში, კრედიტორების ნაწილის ქცევა, მორალურ საფრთხედ შეიძლება მივიჩნიოთ. მაგალითად, უძრავი ქონების ბროკერები, რომლებიც მუშაობდნენ გამსესხებლებზე, მეტი საკომისიოს გამომუშავების მიზნით, გასცემდნენ რაც შეიძლება მეტ იპოთეკურ სესხს, მიუხედავად მსესხებლის ფინანსური შესაძლებლობებისა. ვინაიდან წინასწარ იყო განსაზღვრული, რომ აღნიშნულ სესხებს მომავალში ინვესტორები შეიძენდნენ, ბროკერებს გადაუხდელობის რისკი მათზე გადაჰქონდათ და თავად მხოლოდ ფინანსურ სარგებელს იღებდნენ.

მსესხებლები, რომლებმაც იპოთეკური სესხების გადახდა დაიწყეს, ასევე აღმოჩნდნენ მორალური საფრთხის წინაშე: მათ შეეძლოთ გადაეხადათ საკუთარი ფინანსური ვალდებულებები, ან უარი ეთქვათ იმ ვალდებულების დაფარვაზე, რომლის ღირებულებაც საგრძნობლად შემცირდა. უძრავი ქონების საბაზრო ფასები გაცილებით ნაკლები გახდა, ვიდრე სესხის თანხა, რაც მათ შესაძენად მსესხებლებმა აიღეს.

ვალების განულების მორალური საფრთხე

წარმოადგენს თუ არა ვალების განულება მორალურ საფრთხეს? ვალების განულება ნიშნავს, რომ ერთი მხარე (ფონდი ქართუ) იღებს ვალდებულებას მეორე მხარის (მოსახლეობის ნაწილის) სანაცვლოდ, რომ ის დაფარავს მის ფინანსურ დავალიანებას. აღნიშნული ქმედება, შესაძლოა მოსახლეობისთვის გახდეს სტიმული (ადამიანები კი სტიმულებზე რეაგირებენ), რომ საკუთარ თავზე აიღონ დამატებითი სასესხო ვალდებულებები, იმ იმედით, რომ ვიღაც  მომავალში კვლავ იტვირთავს მათ სასესხო ვალდებულებას. ანუ, ვალების განულების იმედით, მათ შესაძლოა მეტად გარისკონ ახალი სესხების აღება, ვიდრე გარისკავდნენ იმ შემთხვევაში, საკუთარი ძალებით რომ გამკლავებოდნენ არსებულ ვალდებულებებს. მიუხედავად იმისა, რომ ძალაში შედის ფინანსებთან წვდომის შემზღუდველი საბანკო რეგულაციები, არსებობს მორალური საფრთხე, რომ მოსახლეობის ნაწილი (ვინც აღნიშნული რეგულაციების მიხედვით დააკმაყოფილებს დაკრედიტების დადგენილ წესებს) უფრო მეტად გარისკავს ახალი კრედიტის აღებას, იმ იმედით, რომ მომავალში მის სესხს კვლავ სხვა გადაიხდის.

მორალური საფრთხის წინაშე დგებიან პასუხისმგებლიანი გადამხდელებიც, რომლებიც შესაძლოა დიდი სირთულით, მაგრამ მაინც იხდიან საკუთარ ვალდებულებებს. ვალების განულების პრეცენდენტის არსებობით, მათ ეძლევათ სტიმული აღარ გადაიხადონ საკუთარი ფინანსური ვალდებულები და დაელოდონ ვინმეს, ვინც მომავალში მათ სესხებს დაფარავს.