საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2018 წლის 1 აგვისტოს მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 59724 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. რეფინანსირების განაკვეთი დარჩა უცვლელი 7%-ზე და მსესხებლებს პროცენტი არ შეეცვლებათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 2748.5 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.

1 ივლისიდან 1 აგვისტომდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 1276-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 2677 მილიონიდან 2748.5  მილიონ ლარამდე.

59724 ხელშეკრულებიდან 18499 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 316.1 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო  სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 აგვისტოს მდგომარეობთ 16.4% შეადგინა.

რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 აგვისტოს მონაცემებით 22017 სესხია მიბმული, საშუალოდ 12.13%-ში. მთლიანი პორტფელი კი 864.7 მილიონი ლარია.

15,713 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 1349.27 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 474.8 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 15%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 აგვისტოს მონაცემებით 874.5 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 11.5%-ში.

ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 აგვისტოს მონაცემებით 828 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 14,127 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 17.2%-ში გაასესხეს.

ასევე გაცემულია 2455 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 51,3 მილიონი ლარია.

ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 აგვისტოს მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 26%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.

 

წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1308,70 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.5%-დან 12.6%-მდე გაიზარდა. ,,საზოგადოება და ბანკების” აზრით რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე ტენდენციებმა უარყოფითად იმოქმედა ლარის გაცვლით კურსზე დოლარის მიმართ, რაც მაღალ ეკონომიკურ აქტივობასთან ერთად აისახა ინფლაციის მაჩვენებელზე და მცირედით გაზარდა 3.1 პროცენტამდე. ვფიქრობთ, რომ სესხებზე არსებული რეგულაციებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია მომდევნო პერიოდებში რეგულატორმა შეინარჩუნოს რეფინანსირების განაკვეთის მიმდინარე მაჩვენებელი რაც ხელს შეუწყობს ლარის რესურსზე ხელმისაწვდომობას.