საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2018 წლის 1 მაისის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 52524 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. რეფინანსირების განაკვეთი დარჩა უცვლელი 7.25%-ზე და მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვალათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 2204 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
1 აპრილიდან 1 მაისამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 2695-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი - 2183.8 მილიონიდან 2204 მილიონ ლარამდე.
52524 ხელშეკრულებიდან 18227 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 296,5 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 მაისის მდგომარეობთ 16.5% შეადგინა.
რაოდენობრივად პირველ ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 მაისის მონაცემებით 19243 სესხია მიბმული, საშუალოდ 12%-ში. მთლიანი პორტფელი კი 777,3 მილიონი ლარია.
12,091 ხელშეკრულებაა გაფორმებული ბიზნეს სესხების გასაცემად. მთლიანი პორტფელი 1070,53 მილიონი ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 414,3 მილიონი ლარი გასცეს, საშუალოდ 15.9%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 მაისის მონაცემებით 656,3 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 მაისის მონაცემებით 717 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 12,819 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 16.9%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 2245 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. ამ სესხების მთლიანი მოცულობა 46,9 მილიონი ლარია.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 მაისის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 21.74%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1008,60 მილიონი ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.1%-დან 13.1%-მდე გაიზარდა. “საზოგადოება და ბანკების“ აზრით მოკლევადიან პერიოდში მოსალოდნელია სასესხო პორტფელის ზრდის ტენდენციის შემცირება, რაც მიღებულ რეგულაციებთანაა დაკავშირებული. მიმდინარე კვარტალში, წინა წლებისგან განსხვავებით, გაცვლითი კურსის მკვეთრი გამყარება არ შეიმჩნევა, რაც ინფლაციის შემცირებას არ გამოიწვევს. რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად შენარჩუნებასთან ერთად ეროვნული ვალუტით მოზიდულ სახსრებზე შემცირდა მინიმალური სარეზერვო მოთხოვნის ნორმა 7-დან 5 პროცენტამდე, რაც ლარის რესურსს მეტად ხელმისაწვდომს გახდის. არსებული პირობების გათვალისწინებით, რეფინანსირების განაკვეთის შემცირება საშუალოვადიან პერიოდში მოსალოდნელი არ არის.