საზოგადოება და ბანკებმა ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები მიმოიხილა. 2018 წლის 1 თებერვლის მდგომარეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 45833 სესხია გაცემული. მათი აბსოლუტური უმრავლესობა რეფინანსირების განაკვეთზეა მიბმული. რეფინანსირების განაკვეთი დარჩა უცვლელი 7.25%-ზე და მსესხებლებს საპროცენტო განაკვეთი არ შეეცვალათ. დღესდღეობით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული 1992 მლნ ლარის მოცულობის სესხია გაცემული.
1 იანვრიდან 1 თებერვლამდე გაცემული სესხების რაოდენობა გაიზარდა 1243-ით, ხოლო მთლიანი პორტფელი 2.6%-ით - 1943 მლნ-დან 1992 მლნ ლარამდე.
45833 ხელშეკრულებიდან 17440 სამომხმარებლო ტიპის სესხია, მოცულობა კი 265 მილიონი ლარი. ლარში გაცემული სამომხმარებლო სესხების საშუალო შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 1 თებერვლის მდგომარეობთ 17% შეადგინა.
რაოდენობრივად მეორე ადგილზეა უძრავი ქონებით უზრუნველყოფილი სესხები. რეფინანსირების განაკვეთზე 1 თებერვლის მონაცემებით 16848 სესხია მიბმული, საშუალოდ 12%-ში. მთლიანი პორტფელი კი 687 მილიონი ლარია.
ბიზნეს სესხებზე 8878 ხელშეკრულებაა გაფორმებული და მთლიანი პორტფელი 986 მლნ ლარია. აქედან მცირე და საშუალო ბიზნესის დასაფინანსებლად ბანკებმა 324 მლნ ლარი გასცეს, საშუალოდ 14%-ში. ხოლო მსხვილი ბიზნესი კი 1 თებერვლის მონაცემებით 662 მილიონი ლარით დააკრედიტეს, საშუალო შეწონილ 12.3%-ში.
ყველაზე მცირე რაოდენობით გაცემულია რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული ავტოსესხი. სულ 1 თებერვლის მონაცემებით 607 ხელშეკრულებაა გაფორმებული. 10,760 ათასი ლარი ბანკებმა საშუალოდ 17.4%-ში გაასესხეს.
ასევე გაცემულია 2060 ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხი, რომელთა კონკრეტული მიზნობრიობა უცნობია. აღნიშნული სესხების მოცულობა 43 მლნ ლარს შეადგენს.
ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხები 1 თებერვლის მდგომარეობით ლარში გაცემული მთლიანი საკრედიტო პორტფელის 21%-ია. მათ შორის ყველაზე მეტია ბიზნესსესხი, ხოლო ყველაზე დაბალი საპროცენტო განაკვეთი იპოთეკურ სესხებზეა.
წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ცვლად საპროცენტო განაკვეთზე მიბმული სესხების პორტფელი გაზრდილია 1,1 მლრდ ლარით, ხოლო საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 12.1%-დან 12.9%-მდე გაიზარდა. „საზოგადოება და ბანკების“ აზრით, საპროცენტო განაკვეთების ზრდა განაპირობა ლარის რესურსზე გაზრდილმა მოთხოვნამ და ინფლაციის მაღალმა მაჩვენებლმა. იმ პირობებში თუ სეზონური ფაქტორები დადებითად აისახება გაცვლით კურსზე, ეროვნულ ბანკს ექნება მეტი რესურსი შეამციროს რეფინანსირების განაკვეთი, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას.